logo
ENG



"არსაიდან გაჩნდა სანქციების საკითხი" - პაპუაშვილი ზურაბიშვილის ლატვიაში ვიზიტს აკრიტიკებს

28 სექ 202311:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/28/im0jky1hmytlmn9.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის ლატვიაში ვიზიტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "ძალიან ცუდია, რომ ვიზიტისას, რომელსაც მთავრობის თანხმობა არ ჰქონდა, ლატვიისგან საქართველომ მოწოდება მიიღო - დაუწესოს რუსეთს სანქციები".პაპუაშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ პრეზიდენტის ვიზიტები "საერთო ჯამში, დამაზიანებელია".

"ვხედავთ, რომ პრაქტიკაშიც, საერთო ჯამში დამაზიანებელია მისი ვიზიტები და ვნახეთ, რომ საერთოდ არსაიდან გაჩნდა სანქციების დაწესების საკითხი, რომელიც დიდი ხანია, დახურულია და მათ შორის გარკვეულია ყველა მხრივ როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-ს წევრ ქვეყნებთან. საქართველოში სანქციების კოორდინატორები იყვნენ ჩამოსულები ევროკავშირიდან, აშშ-იდან და არავის არანაირი შენიშვნა არ ჰქონია იმაზე, თუ რა პოლიტიკას ატარებს საქართველო სანქციებზე.

ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ზუსტად ის ვიხილეთ, რის გამოც მთავრობა პრეზიდენტს თანხმობას არ აძლევდა. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე უპირობო განცხადებები მოგვესმინა, მოვისმინეთ რაღაცნაირი საყვედურნარევი განცხადება, რომ საქართველომ რუსეთის მიმართ სანქციები უნდა დააწესოს", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს შეხვდა. როგორც ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რინკევიჩმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია.

ედგარს რინკევიჩმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველო ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას სრულად უნდა შეუერთდეს, მათ შორის ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.


close დახურვა