სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახალ ვიდეოკადრებს ავრცელებს, ამჯერად სასწრაფოს მანქანიდან.
ვიდეოში კარგად ისმის მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომ უარს ამბობს მანქანიდან გადასვლაზე და ციხის საავადმყოფოში მოთავსებაზე.
"შენ ხარ პუტინის მონა. რას ნიშნავს დავმშვიდდე? პუტინის ბრძანებას ასრულებთ, მე არ დავმშვიდდები. ლეკვო ივანიშვილის. რა უნდა დავშვიდდე. წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში. არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ნებით, არც ერთ მავთულს არ მივიერთებ ჩემი ნებით, არც ერთ სამედიცინო პროცედურას არ ჩავიტარებ ჩემი ნებით. თქვენ ყველანი ხართ მკვლელები", - ეუბნება მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურის თანამშრომლებს.
ვიდეოში ასევე ისმის პენიტენციურის თანამშრომლის სიტყვები, რომ მიხეილ სააკაშვილს "გარდაცვალების უფლებას არ მისცემენ" და მოუწოდებენ, რომ მანქანიდან გადავიდეს.
რამდენიმე საათის წინ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.
კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზა მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ კადრების გავრცელების მიზანია, აჩვენონ, თუ როგორ "მიაყენა სააკაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა" თანამშრომლებს და როგორ დააზიანა მან ტექნიკა. კადრებში კი ნათლად ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ძალდატანებით გადაყვანას ეწინააღმდეგება.
ადვოკატები ამბობენ, აღნიშნული კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.