ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, არ მიიღონ საბოლოოდ რუსული კანონი.
გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა მათ ფინანსურად არ ეხმარება, ამიტომ ისინი დამოკიდებულები არიან მცირე საერთაშორისო გრანტებზე.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კანონის მიღების შემდეგ მათ საქმიანობის შეწყვეტა მოუწევთ. განცხადებაში ასევე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ორგანიზაციების ფინანსები სრულად გამჭვირვალეა.
"ჩვენ, ხელისმომწერი არაკომერციული ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოში, მთავრობას მოვუწოდებთ, ძალაში არ მიიღონ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" (რომელსაც „რუსულ კანონად" მოიხსენიებენ). ჩვენ, ასევე, მოვითხოვთ გამჭვირვალობას ყველა მუნიციპალური თუ ეროვნული სახელმწიფო ინსტიტუტისგან, რომელიც ამ სექტორში მუშაობს.
ბოლო ოცი წელია, ვერცერთმა მთავრობამ ვერ შექმნა ჰუმანური და ეფექტური პროგრამები ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველთა უზარმაზარ პოპულაციასთან გასამკლავებლად.
მთავრობის მუდმივი მარცხის ფონზე ჩვენ, არაკომერციული ორგანიზაციები, დაუღალავად ვშრომობთ, რომ შევამსუბუქოთ ქუჩაში მცხოვრები ცხოველების ტანჯვა.
ჩვენ არ ვიღებთ მხარდაჭერას მთავრობისგან. საქართველოში ძალიან რთულია ჩვენი საქმისთვის დაფინანსების სხვა წყაროების მოპოვება. ამიტომ, დამოკიდებული ვართ უცხო ქვეყნების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებზე და მცირე საერთაშორისო გრანტებზე.
ჩვენთვის მიუღებელია, რომ ამის გამო უნდა დაგვესვას უცხოური გავლენი აგენტის დაღი.
რასაც არ უნდა გვიმტკიცებდეს სამთავრობო პროპაგანდა, არაკომერციული ორგანიზაციების სექტორი გამჭვირვალეა. როგორც სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია, ეს ორგანიზაციებიც ვალდებული არიან, შეავსონ ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციები და შემოსავლების სამსახურის შესაბამის საიტებზე აღრიცხონ საკუთარი ხარჯი და შემოსავალი.
ჩვენ, ასევე, ვიხდით დიდი ოდენობით გადასახადებს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სექტორი. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ ყველაფერს არ ცვლის. ის გამჭვირვალობას არ აუმჯობესებს. სანაცვლოდ, ეს კანონი ორგანიზაციებს დააკისრებს იმხელა ადმინისტრაციულ ხარჯს, რომ მოგვიწევს, შევწყვიტოთ მუშაობა.
ამის საპირისპიროდ, ჩვენს სფეროში გაუმჭვირვალობის პრობლემა უკავშირდება სამთავრობო სექტორს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენს და როგორ ხარჯავენ მუნიციპალური პროგრამები მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის ჰუმანურად გადაჭრაში. ეს პროგრამები არაეფექტურია, ამასობაში კი დიდი ოდენობით იხარჯება გადასახადის გადამხდელთა ფული.
გამჭვირვალე არაა, თუ ვინ, როგორ და რა რეგულაციებით მართავს რამდენიმე მუნიციპალურ თავშესაფარს, სადაც ცხოველები არ იღებენ საბაზისო საჭიროებებს, საკვებსა და ვეტერინარულ დახმარებას.
ეს ორმაგი სტანდარტი მხოლოდ ჩვენს სექტორში არ არის. იგივე მდგომარეობაა ონკოპაციენტებზე, შშმ პირებზე, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებსა თუ უსახლკარო ადამიანებზე მზრუნველ ორგანიზაციებშიც. დღეს ეს ორგანიზაციები გასცემენ სერვისებს, რომლებსაც ვერ უზრუნველყოფს მთავრობა.
ჩვენ ვმუშაობთ პრობლემებზე, რომლებიც მთავრობის სისტემატიური კრახის შედეგად ჩნდება. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მოსახლეობას, ამ კანონით კი მთავრობა უცხოური გავლენის აგენტებად გვაცხადებს.
შემაშფოთებელია, რომ დაკისრებული საქმის შესრულებისა და ამ უმნიშვნელოვანესი სოციალური პრობლემების გადაჭრის ნაცვლად მთავრობა თავს ესხმის და დაღს ასვამს ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის მოსახლეობაზე.
სოლიდარობას ვუცხადებთ სხვა არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც მთავრობა განუწყვეტლივ უტევს. მოვუწოდებთ თითოეულ ცხოველმოყვარულს, აიმაღლოს ხმა კანონის წინაშე, რომელიც არამხოლოდ ამორალურია, არამედ შეუძლებელს გახდის ჩვენს მუშაობას და უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს. მოვუწოდებთ ქალბატონ პრეზიდენტს, დაადოს ვეტო რუსულ კანონს. დამოვუწოდებთ მთავრობას, არ დაძლიოს ვეტო"- ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
Dog Organization Georgia (დოგ ორგანიზეიშენ გეორგია)
Animal Project (პროექტი ცხოველებისთვის)
Peteasy (ფეთიზი)
ფისომოყვარულთა კლუბი
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი
უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება
მიუსაფარ ცხოველთა კლუბი
ცხოველთა უფლებების კომიტეტი
Animal Rescue Georgia (ენიმალ რესქიუ ჯორჯია)
ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის