logo
ENG



"ბიჭვინთაში ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს" - საყდრისის კომიტეტი

25 სექ 202314:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/25/kspznnrkwjikhf2.jpg

მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ვიდეო კადრებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბიჭვინთაში X-XI საუკუნეების ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს და იქ ამჟამად საკონცერტო დარბაზია მოწყობილი.

მათი ცნობით, კადრები 2023 წლის სექტემბერშია გადაღებული. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ განადგურების ფართომასშტაბიანი პროცესის გამო.

"მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის (საყდრისის კომიტეტი) აქტივისტებმა, გალის და ოჩამჩირის რაიონების შემდეგ, სექტემბერში, მოახერხეს სოხუმში, გულრიფშში, გუდაუთასა და ბიჭვინთაში ძეგლების მდგომარეობის გაცნობა, ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება. ადგილზე სიტუაციის შესწავლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლის ორგანიზებული პროცესი, რაც უნიკალური მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება-განადგურებასა და ისტორიული ფაქტების დამახინჯებაში გამოიხატება", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი შეფასებით, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია საერო, მათ შორის, საინჟინრო და საფორტიფიკაციო ძეგლები - კერძოდ, ბესლეთის (ბაგრატის) ციხე და იქვე მდებარე ე.წ. თამარის ხიდი.

"ქართული კვალის წაშლის პროცესი მიმდინარეობს სოხუმის ე.წ. ეროვნულ მუზეუმშიც, სადაც ქართველ მეფეთა ფრესკების ასლები შესაბამისი ინფორმაციის გარეშეა წარმოდგენილი, ასევე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის სხვა არტეფაქტებსაც არ ახლავს სათანადო აღწერილობა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის მოუწოდებს შესაბამის უწყებებს და დაინტერესებულ წრეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები, რათა ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნგრევა დაუყოვნებლივ შეწყდეს.


close დახურვა