logo
ENG



"დაუმორჩილებელი ქართული ხასიათი" - დამოუკიდებელი სტენდტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

17 ოქტ 202308:55
3 წუთის საკითხავი
 

"დაუმორჩილებელი ქართული ხასიათი" – 2023 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული გამომცემლობები და მწერლები ახალი, დამოუკიდებელი სტენდით და კონცეფციით წარდგებიან. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 18 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე გაიმართება.

ქართველი გამომცემლების, მწერლებისა და ლიტერატურის სფეროს სხვა წარმომადგენელთა დიდი ნაწილი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს. ამ ფონზე წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ვეღარ მოეწყობოდა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ერთობლივი ეროვნული სტენდი. მიუხედავად ამისა, ბოიკოტში მყოფი ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ფრანკფურტში დამოუკიდებლად გაემგზავრებიან და საქართველოს წარადგენენ.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, წელს საქართველო მსოფლიოს ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე სტუმრობას გააგრძელებს და ოთხი წამყვანი გამომცემლობის – არტანუჯი, ინტელექტი, პალიტრა L, სულაკაურის გამომცემლობა და ფონდის ღია საზოგადოება საქართველო თანადაფინანსებითა და ორგანიზებით იქნება წარდგენილი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სხვადასხვა პლატფორმაზე საზოგადოებას შეხვდებიან ქართველი მწერლები: ივა ფეზუაშვილი, თამთა მელაშვილი, ეკა ქევანიშვილი და აბო იაშაღაშვილი.

"ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში ქართველი გამომცემლები 1990-იანი წლებიდან ყოველწლიურად მონაწილეობენ, ამყარებენ საქმიან ურთიერთობას უცხოელ გამომცემლებთან, ყიდულობენ და ყიდიან წიგნების საავტორო უფლებებს. თავდაპირველად სტენდის და გამომცემლობების მხარდამჭერი ფონდ „ღია საზოგადოების“ ბუდაპეშტის ოფისი იყო. 2007 წლიდან კი, უკვე კულტურის სამინისტრო აფინანსებდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნულ სტენდს.

წელს სტენდის მონაწილე გამომცემლები და ავტორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატავენ ქართული საზოგადოების მისწრაფებას ევროინტეგრაციისკენ, ვინაიდან მათ სჯერათ, რომ ქართული ლიტერატურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.


close დახურვა