საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ გადაწყვეტილება შეცვალა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე აღარ წარდგება. 1-ელ ოქტომბერს, მას შემდეგ რაც ბოიკოტში მყოფმა მწერლებმა და გამომცემლებმა განაცხადეს, რომ წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით წარდგებოდნენ, გამომცემელთა ასოციაციამ თქვა, რომ ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგებოდა.
ასოციაციის თქმით, მიზანშეწონილად აღარ მიაჩნიათ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მეორე სტენდის არსებობა.
მათი განცხადება:
"ჩვენი ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა, რომლის წესდებითაც ყველა წევრი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. ამდენად, ასოციაცია ვალდებულია, გაითვალისწინოს თითოეული წევრის პოზიცია და შეხედულებები, მათ შორის, ის გარემოება, რომ ასოციაციის წევრების დიდი ნაწილი არ შეუერთდა ბოიკოტის რეჟიმს ან ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს.
შექმნილი დაბრკოლებების დასაძლევად ჩვენ ყველა მხარესთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები. საბოლოოდ, ბოიკოტში მყოფმა ოთხმა გამომცემლობამ გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლად მიეღო მონაწილეობა წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში. მათივე გადაწყვეტილებით, ამ გამომცემლობების ერთობლივი სტენდი დაეთმობა სხვა გამომცემლებსაც. ამგვარად, საქართველო წელს კვლავაც იქნება წარმოდგენილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რაც თავისთავად მისასალმებელი ფაქტია. დღეს ასოციაციის ნებისმიერ წევრს ეძლევა საშუალება, საერთო სტენდით წარდგეს უცხოელი კოლეგების წინაშე. და რადგან ჩვენთვის უპირველესია სექტორის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის შენარჩუნება, მიზანშეწონილად აღარ მიგვაჩნია წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მეორე სტენდის არსებობა. წარმატებას ვუსურვებთ ყველას, ვინც წელს ფრანკფურტში მიემგზავრება.
ამავდროულად, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ბოიკოტის გამოცხადების მომენტისთვის ასოციაციას ეკისრებოდა სერიოზული ფინანსური ვალდებულება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წინაშე, თუმცა მწერალთა სახლთან, როგორც ამ პროექტის დონორთან, ასოციაციას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება.
ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პოზიცია და ჯარიმის საკითხი. საბედნიეროდ, გერმანულმა მხარემ სრულად გაგვიუქმა ჯარიმა, რაც ჩვენი მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის და ნამდვილი მეგობრობის დასტურია, აგრეთვე, იმის დამსახურება, რომ ასოციაციის სტენდი ბოიკოტში მყოფი გამომცემლობების სტენდით ჩანაცვლდა.
უშუალოდ ასოციაცია და მისი თანამშრომლები წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მაგრამ ჩვენთვის უმთავრესია, შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და ერთობა, გვქონდეს სწორ სახელმწიფოებრივ და პროფესიულ ფასეულობებზე დამყარებული რეპუტაცია, რომელსაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია წლების განმავლობაში ქმნიდა.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში ჩვენი ასოციაციის წევრები, თანამშრომლები, გამგეობა, თავმჯდომარე იყვნენ მუდმივი ზეწოლის ქვეშ. იმედი გვაქვს, რომ საკითხი ამოიწურა და დავუბრუნდებით მუშაობის ნორმალურ რეჟიმს, ერთობლივად ვიზრუნებთ იმ მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე, რაც ასე აუცილებელია ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის.
გულწრფელად ვწუხვართ, რომ წელს ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველო შედარებით მოკრძალებულად წარდგება და თავდაპირველი ჩანაფიქრი მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდება. გვჯერა, რომ სოლიდური თანხა, რომელიც მწერალთა სახლის წლიურ ბიუჯეტში კონკრეტულად ამ პროექტისთვის იყო განკუთვნილი, ისევ ლიტერატურის განვითარების პროცესს და ქართველ მკითხველს მოხმარდება".
1-ელ ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გამომცემლები და მწერლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მწერალთა სახლთან არ ითანამშრომლებენ. თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ გამომცემლობები სულაკაური, ინტელექტი, პალიტრა L და არტანუჯი.
წლევანდელი პროგრამით ბაზრობაში მონაწილეობა უნდა მიეღო სამ ქართველ მწერალს, თამთა მელაშვილს, ეკა ქევანიშვილსა და აბო იაშაღაშვილს, თუმცა ისინი მწერალთა სახლთან დირექტორის პოზიციაზე ქეთი დუმბაძის დანიშვნის შემდეგ აღარ თანამშრომლობენ.