logo
ENG



"დემოკრატიული უკუსვლა" - შაჰინსა და რიშს საქართველოში არჩევნებისთვის მისიის შექმნა სურთ

11 მაი 202308:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/11/8w7feg1cxi6vv0u.png

ამერიკის ხმის ინფორმაციით, სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას, საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ.

როგორც სენატორების წერილშია ნათქვამი, მისია 2024 წლის არჩევნებს დააკვირდება, იმისთვის, რომ "მათი დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, მხარი დაუჭიროს საქართველოს და ქართველ ხალხს".

გარდა ამისა, სენატორები ადმინისტრაციას ასევე მოუწოდებენ, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები პრიორიტეტად დაისახონ.

ამერიკის ხმა მოპოვებულ წერილზე დაყრდნობით წერს, რომ ორივე სენატორი, 2012 წლის არჩევნებზე, საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა და მათი თქმით, "ამ ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის მოწმენი გავხდით და ვხედავთ მზარდ ნიშნებს, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა შეჩერდა".

სენატორები მიიჩნევენ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვისაც.

"საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება, ჩვენს [შეერთებული შტატების] ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე, კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია. მაგრამ, მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ვთხოვოთ, საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს", - ამბობენ რიში და შაჰინი.

სენატორების შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის მაჩვენებელია ისიც, რომ ევროკომისიამ არჩია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა მაშინ, როცა მიიჩნია, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ სტატუსისთვის მზად იყვნენ.

წერილში შაჰინი და რიში ევროკავშირის 12 პრიორიტეტზეც საუბრობენ. მათი აზრით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში შესული "კანონი უცხოელი აგენტების შესახებ", სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობა იყო, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს უფრო დააშორებდა.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შემოთავაზებული კანონმდებლობის ჩაგდებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამ კანონპროექტის წარდგენა და [პარლამენტის მიერ] მისი დაჩქარების მცდელობა, გამოცხადებული ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის შემაშფოთებელი ნიშანია", - ნათქვამია სენატორების წერილში.

ამასთან, სენატორები ადმინისტრაციას სათანადო ფინანსური რესურსის მიმართვას სთხოვენ იმისთვის, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს და სურვილები დააკმაყოფილოს. ამ ძალისხმევისთვის, სენატორები რიში და შაჰინი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის ეროვნულ ფონდს, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) "მჭიდრო კონსულტაციის" ქონას სთხოვენ.


close დახურვა