logo
ENG



"ემპათია" მის ხელმძღვანელზე, ასევე ექსპერტსა და ადვოკატზე ზეწოლასა და თვალთვალზე საუბრობს

28 ივლ 202016:09
3 წუთის საკითხავი
 
pmh7xsl7b1bw18j.jpg

 

ცენტრი „ემპათია“, რომლის ექსპერტი რამდენიმე გახმაურებული საქმეშია ჩართული, მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობს.

ცენტრის იურისტის გიორგი ლემონჯავას განცხადებით, „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის, ცენტრის დამოუკიდებელი ექსპერტის გალინა კარმუშინასა და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ზეწოლა.

ლემონჯავას თქმით, გარდა თვალთვალისა, Facebook-ზე რამიშვილის, ჯიშკარიანისა და კარმუშინას წინააღმდეგ ტროლები და ბოტები მოქმედებენ, რომელთა მიზანია „ემპათიისა“ და ადვოკატის პატივისა და ღირსების შელახვა.

„ცენტრი 'ემპათია' და მისი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი სხვადასხვა ფორმით ჩართულია გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის  გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეში. უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით გახშირდა მუქარის და ზეწოლის ფაქტები ცენტრ 'ემპათიის' სასამართლო სამედიცინო ექსპერტის გალინა კარმუშინას, მიხეილ რამიშვილისა და 'ემპათიის' პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის მიმართ. აღნიშნული გულისხმობს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელში ორგანიზებულ შეტევებს. მიხეილ რამიშვილის ოფისთან მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფოტო ვიდეო გადაღება. გალინა კარმუშინას მიმართ ხორციელდება დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოქმედებები, როგორც უშუალოდ, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით. მარიამ ჯიშკარიანის მიმართ ადგილი აქვს პროსახელისუფლებო ექსპერტების მიერ სატელევიზიო ეთერების მეშვეობით თავდასხმებს“, - აცხადებს ლემონჯავა.

ლემონჯავა მოუწოდებს შესაბამის უწყებებს გაატარონ სათანადო ღონისძიებები, რათა შეწყდეს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მის თანამშრომლებზე, ასევე ადვოკატ მიხეილ რამიშვილზე ზეწოლა. 

 

 


close დახურვა