logo
ENG



თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს, პატიმრობა შეეფარდა

26 ივნ 202320:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/26/yv5hxmrd88l5uva.jpg

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სხდომის მიმდინარეობისას სიტყვით ისარგებლა თავად შუბითიძემაც და აღნიშნა, რომ მიმალვას არ აპირებს.

"სოფელში რომ მოვიდა პოლიცია, ჩავბარდი. არსად მიმალვას არ ვაპირებ. სადაც დამიძახებენ, იქ მივალ"- თქვა შუბითიძემ პროცესზე.

დაცვის მხარე შუბითიძისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ბრალდების კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

23 ივნისს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს.

შუბითიძის მომდევნო პროცესი 17 აგვისტოს 20:00 საათზე ჩაინიშნა.

***

29 აპრილს, შაბათის ფორმულამ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვება. გამომძიებლის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა.

საქმის გამომძიებელი შაბათის ფორმულასთან რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე საუბრობს. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დღემდე უცნობი ეპიზოდი, მის მობილურ ტელეფონს უკავშირდება. სერგო შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა.

 


close დახურვა