logo
ENG



"ემპათია" ჯანდაცვის სამინისტროს შექმნილ პარიტეტულ კონსილიუმში მონაწილეობაზე თანახმაა

17 ნოე 202119:19
3 წუთის საკითხავი
 
"ემპათია" ჯანდაცვის სამინისტროს შექმნილ პარიტეტულ კონსილიუმში მონაწილეობაზე თანახმაა

ალადობისა და წამების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი ემპათია აცხადებს, რომ თანახმაა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელ პარიტეტულ სამედიცინო კონსილიუმში მონაწილეობაზე.

გუშინ, 16 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის შესასწავლად მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული კონსილიუმის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. ამ კონსილიუმში მონაწილეობაზე შეთავაზება მიიღო ცენტრმა ემპათიამაც.

ემპათიას ექსპერტებმა საჯაროდ გამოხატეს მზაობა, მონაწილეობა მიიღონ კონსილიუმში იმ პირობით, თუ კონსილიუმი დაუყოვნებლივ შეიქმნება და მის წევრებს შეზღუდვების გარეშე დაუშვებენ N18 დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად.

„წინამდებარე განცხადებით ცენტრი "ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფი საჯაროდ ვაფიქსირებთ მზაობას მივიღოთ მონაწილეობა პარიტეტული პრინციპით შექმნილ კონსილიუმში. იმ დათქმით, თუ ეს კონსილიუმი შეიქმნება დაუყოვნებლივ და უზრუნველყოფილ იქნებ მისი დაშვება მიხეილ სააკაშვილთან და მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურასთან შეუზღუდავად, ასევე მოხდება გადაწყვეტილებების მოკლე ვადაში მიღება და აღსრულება“, - წერია ცენტრის განცხადებაში

განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ბოლო ინფორმაცია სამედიცინო კონსილიუმის ექსპერტებისგან ემპათიამ 3 ნოემბერს მიიღო. მესამე პრეზიდენტის შიმშილობის დაწყებიდან გასულია 47 დღე და პენიტენციური სამსახურის გარდა მისი ჯანმრთელობის შესახებ ბოლო ინფორმაციას პენიტენციური სამსახურის გარდა არავინ ფლობს.

აღსანიშნავია, რომ 3 დღის წინ, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, სამუშაო საათების ამოწურვის მოტივით სააკაშვილთან ვიზიტზე უარი უთხრეს სამედიცინო კონსილიუმის წევრებს. იმავე მიზეზით, რამდენიმე დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძესაც არ მისცემია პაციენტის ნახვის შესაძლებლობა, რის გამოც ცენტრის ინფორმაციით, სააკაშვილმა შეწყვიტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების მიღება.

„აღნიშნული გარემოებები ცალსახად უთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულება და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში გარკვევა, პარიტეტული სამედიცინო კონსილიუმის მიერ უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ყოველი დაკარგული დღე ან საათი შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს“, - წერს ცენტრი ემპათია.

ცენტრი ემპათია ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს, რომ თუ ამ ახალი კონსილიუმის მიზანი ნამდვილად ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, უახლოესი რამდენიმე საათის ვადაში მოაგვარონ პარიტეტული კონსილიუმის შექმნის ფორმალური მხარე და დღესვე დაუშვან შექმნილი კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე უნდა შეფასდეს N18 დაწესებულებაში არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების პოსტ-შიმშილობის მართვის შესაძლებლობასთან შესაბამისობა.

ემპათიას თქმით, კონსილიუმის ვიზიტზე დაშვების შემთხვევაში 18 ნოემბერს კონსილიუმმა ხმათა უმრავლესობით უნდა გადაწყვიტოს სად და რა პირობებში გააგრძელებს ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობას. ამასთანავე, კონსილიუმის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს სავალდებულო ხასიათის და დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

ცენტრი ემპათია აცხადებს, რომ მათ ამ პოზიციაზე თანხმობა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატებისგანაც აქვს.

„იმ შემთხვევაში თუკი ამ განცხადებაზე არ მოვისმენთ გამოხმაურებას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან უახლოეს რამდენიმე საათში, ჩავთვლით, რომ გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთებული შეთავაზება, მიზნად ისახავს არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვას, არამედ აღნიშნულის იმიტაციას და დროის გაყვანას, რაში მონაწილეობის მიღების სურვილის ნამდვილად არ გვაქვს“, - წერია განცხადებაში.


close დახურვა