სინოდის წევრები სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ საპატრიარქოში რუსული გავლენებისა და პატრიარქის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.
გუშინ სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ციხიდან განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს საპატრიარქოში თანამდებობებს პუტინის გარემოცვა და FSB-ს აგენტები ანაწილებენ.
ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ გოგაშვილის ბრალდებები სარწმუნო რომ ყოფილიყო, "აუცილებლად გაიგებდა".
"მეჩვენება, რომ ეს არ არის სარწმუნო ინფორმაცია. არ ვიცი არაფერი, ახლა გავიგე პირველად. არ მიმაჩნია სარწმუნოდ, რომ ყოფილიყო ასეთი რამე, მე გავიგებდი აუცილებლად, იმიტომ რომ სინოდის წევრი ვარ", - ამბობს მეუფე იაკობი.
ამასთან, გოგაშვილის წერილის მიხედვით, გეგმაში იყო პატრიარქის გადაყენება, სავარაუდო კანდიდატებს კი, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი არჩევდა.
თიანეთისა და ფშავ ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ პატრიარქის გადაყენებაზე ინფორმაცია "მითქმა-მოთქმაა, ასეთი რაღაც არ არსებობს, ღმერთმა უნდა ინებოს ეს".
"საიდან გაქვთ ეს ინფორმაციები? არ ვიცი, ვერ გეტყვით. პატრიარქმა თუ მოინდომა და გადადგა, ვინ გადააფიქრებინებს?! ასეთი რაღაც არ არსებობს, არც ყოფილა და არც იქნება, ღმერთმა უნდა ინებოს ეს. მე რომ მოვინდომო, შენ, იმან, ვიღაცებმა, გადავაყენებთ თუ რა? ესე იგი ღმერთზე ძლიერები ვყოფილვართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი არის მითქმა-მოთქმა", - ამბობს მეუფე მიქაელი.
გუშინ, 27 ივლისს სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა ციხიდან კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა. გოგაშვილი ამჯერად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის მომავალ კანდიდატზე წერს და აცხადებს, რომ რუსული "FSB-ს აგენტებს დავალება აქვთ, მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება". გოგაშვილი წერს, რომ თავად პატრიარქი ილია მეორეც გეგმავდა გადადგომას, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი გადარწმუნება შეძლეს.