logo
ENG



პატრიარქის ბრძანება: არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალოს

05 ნოე 202516:27
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/05/mncwse1u5duwolb.jpg

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორეს ბრძანებით, არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება ეკრძალება.

"სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს, - ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში, რომელსაც საპატრიარქო აქვეყნებს.

არქიმანდრიტი ილია თოლორაია საპატრიარქოში დღეს, 5 ნოემბერს იყო დაბარებული. 

გუშინ, 4 ნოემბერს მან თქვა, რომ საპატრიარქოში დაბარებას მეუფე შიოსთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს. მან მეუფე შიოსთან დაკავშირებული განცხადება ფორმულას ეთერში გააკეთა.

"გუშინ დამირეკა მამა მიქაელმა, ბოტკოველმა და მითხრა, რომ ოთხშაბათს, პირველ საათზე, მეუფე შიოს, მეუფე თეოდორეს უნდათ შენთან გასაუბრება. სავარაუდოდ, დაბარებული ვარ იმაზე, რომ მეუფე შიოზე ვთქვი სიტყვა ეგზარქოსი. თვითონ სიტყვა ეგზარქოსი მმართველს ნიშნავს, არის ეპისკოპოსი, უბრალოდ, ეპისკოპოსი, რომელიც რუსეთის მხარეს დგას. უბრალოდ, მე ჩემს სიტყვებს არ ვიბრუნებ.

ეს მე ვთქვი იმიტომ, რომ როდესაც მე დავინახე ქუჩაში ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, ქალებს, ბიჭებს, მოხუცებს სცემდნენ, ასისხლიანებდნენ და მეუფისგან ერთი სიტყვა არ გამიგია, რომ ნუ აკეთებთ ამას... ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, რომლებიც გამოსულები იყვნენ? გამოსულები იყვნენ რუსეთის საწინააღმდეგოდ. ერთი სიტყვა არ გამიგია მეუფისგან, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი საქართველოს მტერია.

სად დგახართ, მეუფევ? რუსეთის მხარეს თუ საქართველოს მხარეს? მე ამაზე პასუხს ვაგებ", - თქვა მან საპატრიარქოში დაბარებასთან დაკავშირებით გუშინ TV პირველთან.


close დახურვა