12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პირველადი დასკვნის თანახმად, მოზარდს სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება.
მოზარდის დედა ნატო ხუტაშვილი ფორმულასთან ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია და დასკვნა ამ ეჭვებს ამყარებს. მისივე თქმით, ექსპერტს აღნიშნული აქვს, რომ დაზიანებები ბლაგვი მკვრივი საგნით არის მიყენებული.
ოჯახის ადვოკატი ელისო რუხაძე ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში 39 დაზიანება არის ასახული და მათგან ბევრი მცირე ექსკორიაციებია, თუმცა თითოეული დაზიანების წარმოშობის კვალი მნიშვნელოვანია და ბევრ კრიტიკულ კითხვას ბადებს. მისივე თქმით, მოზარდს არ აღენიშნება სექსუალური ძალადობისთვის დამახასიათებელი ტრავმული ნიშნები.
"მათ შორის მნიშვნელოვანია ყელზე დაზიანებები ნაჭდევები სისხლჩაქცევები და მსგავსი ტიპის კეროვანი დაზიანებები, რომლებიც მექანიკურად არის მიყენებული ბლაგვი სხეულის ზემოქმედებით და, ასევე, სხეულის თითქმის ყველა ადგილას სხვადასხვა დიდი ზომის დაზიანება, რომელთა წარმოშობის კვალი და რიგი დეტალები ამ კონკრეტული ექსპერტიზის ფარგლებში არ არის დადგენილი", - აღნიშნავს ადვოკატი.
რუხაძე ამბობს, რომ ყველა ეს დაზიანება არის სიცოცხლისდროინდელი და სიკვდილამდე არის განვითარებული:
"შესაბამისად, ის ვერსია, რომ ბავშვი თავად დაიხრჩო ან გარკვეული საკვები მიიღო და ამის შემდეგ განვითარდა ეს მოვლენები, ამ ექსპერტიზის დასკვნით ფაქტობრივად გამოირიცხა".
ორგანიზაცია უფლებები საქართველო, რომელიც გარდაცვლილი გოგოს ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს, აღნიშნავს, რომ საჭიროა კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.