ვივამედი განცხადებას ავრცელებს და უარყოფს, რომ კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომების მქონე პატიმრები შეიყვანეს. თუმცა, ეს ინფორმაცია კლინიკურმა დირექტორმა ფორმულას ორჯერ დაუდასტურა - ვივამედის მიერ განცხადების გავრცელებამდე და მის შემდეგ.
ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ კლინიკაში 2 პატიმარია გადაყვანილი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია.
"დღეს შემოვიდნენ, კოვიდ ინფექციით, რომელსაც გამოხატული მძიმე კლინიკური ნიშნები არ აქვს". - თქვა მან ფორმულასთან სატელეფონო საუბარში.
მოგვიანებით კლინიკა ვივამედმა განაცხადა, რომ "მოხდა გაუგებრობა. რის შედეგადაც არასწორი ინფორმაცია გავრცელდა".
"აქვე ცალსახად ვაცხადებთ, რომ დღეს კლინიკაში covid-19-ზე საეჭვო პატიმარი არ მოთავსებულა". - წერია კლინიკის ფეისბუქ გვერდზე. თუმცა, ჩხაიძეს ამ განცხადების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ციხეებში COVID 19-ის კუთხით მძიმე ვითარებაზე პატიმრების ოჯახები საუბრობენ.
ერთ-ერთი პატიმრის, ქსნის დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის ახლობელმა ფორმულას უთხრა, რომ პატიმრებს კორონავრუსის სიმპტომები აქვთ, აქვთ ტემპერატურა, თუმცა, კლინიკაში მხოლოდ 2 მათგანი გადაიყვანეს. ამასთან, მისი თქმით, პატიმრებს ყურადღებას არავინ აქცევს და არც ტესტს უტარებს.
რთულ ვითარებაზე ლაპარაკობს გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის ოჯახის წევრიც.
"ძალიან ცუდი მდგომარეობაა გლდანში, ძალიან არის მოდებული კორონავირუსი. 2-3 პატიმარი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არც სინჯავენ, არც ტესტს უკეთებენ. ჩემს მეუღლესაც 3-4 დღეა, სიცხეები აქვს. ტელეფონში ვერ გვეუბნებიან ყველაფერს". - თქვა ქალმა. მისივე თქმით, პატიმრებს არც ახლობლებთან თავისუფლად ლაპარაკის საშუალებას აძლევენ.
პენიტენციური სამსახური, თავის მხრივ, აცხადებს, რომ 9 იანვარს, ქსნის პენიტენციური დაწესებულებიდან სამი მსჯავრდებული გადაყვანილია სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მისაღებად სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.
"პრევენციის მიზნით, დაწესებულებიდან გაყვანამდე მოხდა მათი სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმება კოვიდ-19-ზე და სამივე პასუხი იყო უარყოფითი". - აცხადებს უწყება.
პენიტენციური სამსახურისვე ცნობით, "ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია მედპერსონალის 24-საათიანი მომსახურებით, ყველა საეჭვო შემთხვევა მოწმდება და როგორც არაერთხელ აღინიშნა, ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას".
სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ფორმულას უთხრა, რომ ომბუდსმენის აპარატმა წერილობით მიმართა პენიტენციურ სამსახურს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციურ და სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვა, თუმცა, უწყებისგან პასუხი არ მიუღია.