logo
ENG



"ზიზღს ვინც ავრცელებს, უნდა დასანქცირდეს" - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ალტ-ინფოზე

20 ივლ 202314:06
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი მარკ ანგელი აცხადებს, რომ ევროპარლამენტართა ჯგუფის წერილი, რომლითაც ისინი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოსა და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვენ უკვე მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა.

ფორმულასთან საუბრისას მარკ ანგელი სანქციების დაწესების ორ მიმართულებაზე საუბრობს - ერთია სავიზო შეზღუდვა და ევროპის ქვეყნებში გადაადგილება და მეორე არის ფინანსური შეზღუდვა, იმ შემთხვევაში, თუ ალტ-ინფო და კონსტენტინე მორგოშია ფლობენ რაიმე აქტივებს ევროპაში ან იღებენ რაიმე ფინანსურ სარგებელს დასავლეთიდან.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, საკუთარი სიძულვილის რიტორიკით კი ახალისებს ძალადობას.

მარკ ანგელის თქმით, ინტერესის საგანი უნდა გახდეს, თუ რა კავშირი არსებობს პრორუსულ, ძალადობრივ ალტ-ინფოსა და ქართულ ოცნებას შორის.

"ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ზიზღს, უნდა დასანქცირდნენ. ასევე, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპიდან არცერთი თეთრი არ მიდის ძალადობრივ ჯგუფებთან, საუბარია სავიზო სანქციაზე, მოგზაურობაზე ევროპაში. ასევე, უნდა ვნახოთ, რაიმე სახის აქტივობები ხომ არ აქვთ მათ კომპანიებს ევროპაში. საბოლოო გადაწყვეტილება, ფორმულირება კომისიაზე. ასევე გვსურს, რომ ეს საკითხი იყოს მაგიდაზე, როდესაც საუბარი მიმდინარეობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე. მხედველობაში უნდა მიიღონ, თუ რა მოხდა 8 ივლისს. როდესაც პოლიტიკოსები, მაღალი თანამდებობის პირები იყენებენ სიძულვილის ენას, ეს დაუშვებელია და მივყავართ სიძულვილის დანაშაულებამდე. ასევე, უნდა ვნახოთ რა კავშირებია ამ ჯგუფსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის.

კიდევ ერთხელ ვიყავით შოკირებულები, როდესაც ვნახეთ რა მოხდა 8 ივლისს თბილისში. ძალადობის გამო, ჩაიშალა ფესტივალი, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო დაცულობა და უსაფრთხო გარემოს ორგანიზება. გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. გვაშფოთებს ისიც, რომ 2019 და 2021 წლის ძალადობაზე ვერ ვნახეთ რეალური, ეფექტიანი სამართლებრივი დევნა და გამოძიება. გვსურს თანასწორობაზე დაფუძნებული გაერთიანება და ქვეყნები, რომლებსაც აქვთ სურვილი გახდნენ ამ კავშირის წევრები, პატივი უნდა სცენ თანასწორობას. გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ადგილს ევროკავშირში, მაგრამ გვაშფოთებს ჰომოფობიური რიტორიკა რომელიც რუსეთის, კრემლის დამახასიათებელია", - აცხადებს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი.

***

ევროპარლამენტართა ჯგუფი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს სანქცირებასა და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ჯგუფი ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართავს.

ვრცელ წერილში ევროპარლამენტარები აღწერენ, როგორ არ დაიცვა ხელისუფლებამ 8 ივლისს Tbilisi Pride-ის ფესტივალის მონაწილეთა უსაფრთხოება და ორგანიზატორების სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის წინაშე დააყენა.

***

8 ივლისს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.

ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები, ტერიტორია დაარბიეს და გაქურდეს.


close დახურვა