კრწანისში რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელ სახლს საყრდენი გამოეცალა და, როგორ მცხოვრებლები ამბობენ, დანგრევის პირასაა.
მოქალაქეების თქმით, უკვე დიდი ხანია დახმარებას ითხოვენ მერიისგან. პასუხად კი მიიღეს, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი რეაბილიტაცია სპეციალური პროექტით უნდა განხორციელდეს.
კრწანისში მცხოვრებლები ფორმულას უამბობენ, რომ ავარიულ სახლებში სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან - ყოფილა შემთხვევები, როცა ჭერიც ჩამოვარდა.
„სამ ადგილას გადამრთეს და ყველგან ერთი პასუხი მივიღე - უნდა დაიქირავოთ არქიტექტორი, გააკეთოს პროექტი, გამოკვლევები. უნდა შევიტანოთ მერე მერიაში და არ თანხმობას მისცემს, გამგეობამ რაღაცა გაგვიკეთოს და ან არა. თუ სახელმწიფოსია, მე რატომ უნდა მოვძებნო, თუ ხელის ხლების უფლებაც არ მაქვს. როგორ იფშვნება კედლება ნელ-ნელა, ისმის. სულ ჩამოვარდა ერთიანად [ჭერი]. მე გავაკეთე", - ამბობენ მცხოვრებლები.
კახა კალაძე ამბობს, რომ ისტორიული შენობები მართლაც საფრთხის ქვეშაა. მოქმედი მერის თქმით, ავარიული სახლების რეაბილიტაცია მის საარჩევნო პროგრამაში შედის.
„დიდი განსხვავებაა ჩამონგრევასა და ბოძის გამოცლას შორის. ავარიული არის, სამწუხაროდ ბევრი გვაქვს, ათი ათასამდე გვაქვს დედაქალაქში. ძეგლს განსაკურებული ყურადღება სჭირდება, მაგიტომაა თბილისის განვითარების ფონდი. ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობაა", - ამბობს კახა კალაძე.