"კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა" - ამ სათაურით გამოცემა Politico ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს რომ "საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე თავის ქვეყანას რუსეთისკენ ხრის".
როგორც გამოცემა წერს, 26 ოქტომბრის არჩევნებს ბევრი დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანს უწოდებს, ამიტომ ივანიშვილი მიიჩნევა ძალად, რომელიც საქართველოს ევროპული ორბიტიდან აშორებს, რათა რუსეთი დააკმაყოფილოს.
Politico აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა საკუთარი ქონება 90-იანი წლებში, რუსეთში დააგროვა - ყველაფერი კი ელექტრონიკის გაყიდვითა და საკუთარი ბანკის, რუსული კრედიტის შექმნით დაიწყო, რომლის შტაბ ბინაც მოსკოვში იყო.
ასევე გამოცემა წერს, რომ ამ პერიოდში კონკურენტებმა და ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფებმა გამოძალვის მიზნით ოლიგარქის ძმა გაიტაცეს, რის შემდეგაც მან დახმარებისთვის რუსეთის სპეცსამსახურებს მიმართა - Politico აღნიშნავს, რომ როგორც წესი, იმ პერიოდში უშიშროების სამსახურებთან ასეთი თანამშრომლობა უწყვეტ ვალდებულებას ნიშნავდა.
გამოცემა ოლიგარქის მმართველობის პირველ პერიოდსაც იხსენებს და წერს, რომ თავდაპირველად ივანიშვილი თავს იწონებდა საკუთარი "ფილანთროპიით"; ამტკიცებდა, რომ "თითქმის მილიარდი" შესწირა ამ საქმეს - პირადად დააფინანსა საჯარო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა გზები, პარკები, ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის თბილისის სამების საკათედრო ტაძარი. ასევე ნახსენებია ჭორვილა, რომელიც გამოცემის თქმით, წინასაარჩევნო დაპირების ერთ-ერთი ნაწილი იყო და "სოციალისტური უტოპიის მინიატიურულ ვერსიას" წარმოადგენდა.
"მისი მეზობელი რუსეთის მსგავსად, საქართველოსაც აქვს დემოკრატიის ზედაპირული თვისებები, მათ შორის პარლამენტი, პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და არჩევნები. მაგრამ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ქვეყნის ვითომ წარმომადგენლობითი ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ცენტრალიზებულია ერთ ხელში", - წერს გამოცემა.
პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია Politico-სთან საუბარში ამბობს, რომ "მინისტრებს, მათ შორის პრემიერს, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს, რადგან გადაწყვეტილებები ივანიშვილმა უნდა დაამტკიცოს".
ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის თანახმად, "ივანიშვილის შიდა კონტროლი არის მნიშვნელოვანი, მათ შორის მმართველ პარტიაზე, საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტებზე (განსაკუთრებით სასამართლო და უსაფრთხოების სამსახურებზე) და ეკონომიკურ ასპარეზზე. შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის ყველა ძირითადი წევრი და პარტიის წარმომადგენლები მასზე არიან დამოკიდებული".
გამოცემა ასევე ოლიგარქის ბოლოდროინდელ სხვადასხვა გამოსვლებსაც იხსენებს, მათ შორის წერს ივანიშვილის პირობაზე აკრძალოს ოპოზიცია - სტატიაში აქცენტი "გლობალური ომის პარტიაზე", "მეორე ფრონტის გახსნაზე", დასავლეთის კრიტიკაზე, ჰომოფობიური და რუსული კანონების მიღებაზეც არის გაკეთებული.
Politico-სთან საუბარში გახარია ოლიგარქზე ამბობს: "ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელია, არც პრორუსია და არც პროჩინელი. სამწუხაროდ ის არც პროქართველია. ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს".
"საქართველოს უმდიდრესი ადამიანისთვის, ევროკავშირში ან NATO-ში შესვლაზე უარის თქმა არ იქნება უკანდახევა. თუმცა, რიგითი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ოცნებობენ კეთილდღეობასა და პირად თავისუფლებაზე, სიტუაცია განსხვავებულია. მართლაც, მაშინ, როცა ქვეყანაში ბევრი თავის შემოსავალს ივანიშვილის მფარველობის სისტემას უნდა უმადლოდეს, ბევრი სხვა ეყრდნობა დახმარებას ამერიკიდან და ევროპიდან. ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს ფული, მაგრამ საბოლოო ჯამში მის გადაწყვეტილებებზე პასუხს რიგითი ქართველები აგებენ", - წერს Politico.