ევროპარლამენტმა 16 სექტემბერს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე საქართველოს შესახებ საკმაოდ კრიტიკული ანგარიში მიიღო. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ევროკავშირის მხრიდან ცენტრალური მნიშვნელობა ენიჭება.
17 სექტემბერს "ფორმულამ" ამ საკითხზე ბრიუსელში ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენთან ინტერვიუ ჩაწერა. ჩვენ მას მომავალ არჩევნებზე, მოსალოდნელ საფრთხეებსა და შესაძლო კოალიციურ მმართველობაზე ვკითხეთ.
ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ვკითხულობთ: "გაძლიერებული თანამშრომლობა და ევროკავშირის დახმარება დამოკიდებულია რეფორმებში პროგრესზე, კერძოდ, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, ისევე როგორც შეკავება-გაწონასწორების პრინციპზე ინსტიტუტებში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და საარჩევნო რეფორმაზე“. რატომ მოხვდა ეს რეზოლუციის ტექსტში? რ საფრთხეებს ხედავს ევროკავშირი საქართველოში?
- პირველ რიგში, დემოკრატია. ევროკავშირში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ველით. საქართველოში მოახლოებული არჩევნები დროულია გარშემო სიტუაციის უკეთ შესაფასებლად. ბელარუსსა და რუსეთში ხალხი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვის და ყველანი ვხედავთ, რაც ხდება. რუსეთში ჩატარებული რეფერენდუმი, რომელშიც გაყალბებების სერია ვიხილეთ. ასე რომ, საქართველოს აქვს შანსი შეიქმნას ღრმა დემოკრატიის იმიჯი და აჩვენოს, რომ მმართველ პარტიას დემოკრატიული პროცესი მართლაც ადარდებს.
ყურადღებას მმართველ პარტიაზე ვამახვილებ, ვინაიდან ყველა ქვეყანაში სწორედ მმართველი პარტიაა წინასაარჩევნო განწყობებზე პასუხისმგებელი. კოვიდპანდემიის მიუხედავად, ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით განვითარებულ პროცესებს. ეს ანგარიშიც და დისკუსიაც ევროპარლამენტში სწორედ იმას უსვამს ხაზს, რომ ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ, მინდა გიპასუხოთ, საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ ყველაზე დიდი მნიშვნელობა დღეს სწორედ მომავალ არჩევნებს ენიჭება, ვალდებულებების შესრულებასა და არჩევნების შემდეგ იმის დანახვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატია, პირველ რიგში, თქვენი მმართველი პარტიისთვის.
მრავალი საჯარო თუ პოლიტიკური აქტორი ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ რესურსს სერიოზულ გამოწვევად აღიქვამს. მათი მტკიცებით, ეს ამომრჩეველთა მოსყიდვის რისკებს ზრდის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და საბიუჯეტო ხარჯვის გაზრდასთან ერთად, რამაც შესაძლოა, არჩევნების შედეგებზე იმოქმედოს. ამ მოცემულობას ქართული დემოკრატიის წინაშე არსებულ საფრთხედ შეაფასებდით?
- მე მახსოვს წინა არჩევნები, რომელზეც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციიდან დამკვირვებლად ვიყავი ჩამოსული. ზუსტად იმავე წუხილს გამოვთქვამდით, სახელისუფლებო მხარეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ვხედავდით. მინდა ვთქვა, რომ ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას მრავალი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, მაგრამ ამას კავშირი არ აქვს სამართლიან არჩევნებთან.
ჩემი აზრით, ეს მოსალოდნელი არჩევნების მთავარი გამოწვევა იქნება. მინდა, მმართველ პარტიას მივმართო, ეს არ გააკეთონ იმიტომ, რომ აქ, ევროპარლამენტსა და ევროკავშირში, ძალიან მძიმედ აღიქმება ადმინისტრაციული რესურსის და საბიუჯეტო სახსრების უსამართლოდ გამოყენება.
საქართველო არაერთხელ შეუქიათ 2012 წელს ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის გამო. რამდენად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისთვის, თუკი ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით კიდევ ერთხელ მოხდება?
- თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, ჩვენ ნებისმიერ გამარჯვებულ მხარესთან ვითანამშრომლებთ, არ აქვს მნიშვნელობა ამჟამინდელი მმართველი პარტია იქნება, თუ ოპოზიცია. თუკი ახალი ხელისუფლება მოვა, ახლა ოპოზიციაში მყოფებსაც ექნებათ პასუხისმგებლობა დემოკრატიულ სამყაროს აჩვენონ, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი მშვიდობიანი იქნება. ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა ძალამ იგივე ინსტრუმენტები არ უნდა გამოიყენოს წინამორბედების წინააღმდეგ, რომლებსაც მათ წინააღმდეგ იყენებდნენ. ჩემი აზრით, ამ კონტექსტში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
საქართველომ საბოლოოდ მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა მიიღო. ბოლო წლებში პირველად კოალიციური მმართველობის პერსპექტივა მეტ-ნაკლებად რეალისტურად გამოიყურება, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს თუ გავითვალისწინებთ. რას მოუტანს კოალიციური მმართველობა საქართველოს? მის წინააღმდეგ კამპანიაცაა გაშლილი, რომ თითქოს ქაოტური და პრობლემური იქნება საქართველოს მომავლისთვის.
- სკანდინავიურ ქვეყნებს კოალიციური მმართველობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, ისევე როგორც, უმცირესობის მმართველობის. ჩემი აზრით, ამ ქვეყნებს სწორედ დემოკრატიის ხარისხი გამოარჩევთ. კოალიცია არ ნიშნავს მოქმედებისთვის შეზღუდულ სივრცეს. პირიქით, უმეტეს ქვეყნებში, განსაკუთრებით ე.წ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ღრმა ტრადიცია და გამოცდილება არ არსებობს, უმჯობესია, ძალაუფლება ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში არ იყოს კონცენტრირებული.
ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ კოალიციის, ვინაიდან სწორედ საუბარი, დისკუსია, დიალოგი, მოლაპარაკებები შეადგენენ დემოკრატიას. სწორედ ასე მუშაობს ევროპარლამენტიც, უმრავლესობის გარეშე. ასე სჯობს მრავალ ქვეყანაშიც. შესაძლოა, გადაწყვეტილებების მიღებას ოდნავ მეტი დრო დასჭირდეს, თუმცა ძალაუფლება ერთი პიროვნების ხელში არ იქნება კონცენტრირებული. ძალაუფლება ყველა ადამიანზე მოქმედებს, და ამას კარგი გაგებით არ ვამბობ. ასე რომ, ქართული დემოკრატიისთვის ჯანსაღი იქნება მეტი დისკუსია მაგიდის გარშემო.