პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძმები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები შეიწყალა. ინფორმაცია ბათუმელებს ოჯახმა დაუდასტურა.
მათი ცნობით, ძმებმა წულუკიძეებმა საპატიმრო უკვე დატოვეს.
პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს გამოსცა და წულუკიძეების გარდა, კიდევ 7 მსჯავრდებული შეიწყალა.
ძმები რევაზ და ფირუზ წულუკიძეები 2021 წლის აპრილში დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, მათ ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. მათ სასამართლომ 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ოჯახი ამბობდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. დაკავებულები ბრალს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო.