logo
ENG



"კულტურა დემოკრატიისთვის" საქართველოს კულტურის დეკლარაციას აქვეყნებს

29 აგვ 202414:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/29/dqwdthy6de6z67o.png

ინიციატივა კულტურა დემოკრატიისთვის აქვეყნებს საქართველოს კულტურის დეკლარაციას.

დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კულტურის განვითარების ხედვას, ძირითად პრინციპებს და აუცილებლად განსახორციელებელი რეფორმების აღწერას.

კულტურა დემოკრატიისთვის დეკლარაციას ყველა სამოქალაქო და პოლიტიკურ ერთეულს სთავაზობს, "ვინც იბრძვის საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად, ვინც იცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ევროინტეგრაციის პროცესს".

ინიციატივის წევრები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამებში გაითვალისწინებენ პროფესიონალთა მიერ ფორმირებულ კულტურის ხედვას და რეფორმების პროგრამას.

დეკლარაციაზე ხელმოწერისა და თანამშრომლობის მზაობა უკვე გამოთქვეს პოლიტიკურმა გაერთიანებებმა - კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა, ერთიანობა და ძლიერი საქართველო.

"საქართველოს 30-წლიანი დემოკრატიზაციის პროცესი კრიზისშია, რაც, უპირველესად, დემოკრატიული კულტურული ღირებულებების კრიზისს ნიშნავს. სახელმწიფოს არ განუხორციელებია კულტურის საბჭოთა სისტემის რეფორმირება და დღეს ვიმკით შედეგებს: ძლიერდება ავტორიტარიზმი, რაც საქართველოს აშორებს თანამედროვე სამყაროში ყველაზე ჰუმანურ და პროგრესულ კულტურულ გარემოს – ევროპას.

არადემოკრატიული ხელისუფლება მანიპულირებს საზოგადოებით, რომლის დიდ უმრავლესობას მრავალი წელია წართმეული აქვს კულტურული განვითარების შესაძლებლობა და ამიტომ სუსტია, როგორც სამოქალაქო საზოგადოება. თანამედროვე საქართველოში ყოველდღიურად ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, წყდება საერთაშორისო სივრცეებთან კომუნიკაციის პროცესები, უხეშად იზღუდება ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და ირღვევა სიტყვის, გამოხატვის, აკადემიური და შემოქმედების თავისუფლება.

ყოველივე ეს დიდ საფრთხეს უქმნის ეროვნული დემოკრატიული კულტურის შენარჩუნებას, შექმნას და განვითარებას. ჩვენ, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ კულტურის როლს სახელმწიფოს წარსულისა და მომავლის დაცვის პროცესში, კულტურის მნიშვნელობას საზოგადოებისა და ყოველი მოქალაქის გაძლიერების თვალსაზრისით; ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, არ დავთმოთ ჩვენი კულტურული იდენტობა და პროგრესის შესაძლებლობა. ჩვენ ვერთიანდებით ინიციატივაში “კულტურა დემოკრატიისთვის” და ამით ვაერთიანებთ ჩვენს თეორიულსა და პრაქტიკულ გამოცდილებას. ჩვენი ერთობა, კულტურული კრიზისის დაძლევის მიზნით, 2024 წლის 15 აგვისტოს წარმოადგენს დოკუმენტს “კულტურის დეკლარაცია”.

ამ დეკლარაციამ უნდა ჩაუყაროს საფუძველი კულტურის სფეროს ფუნდამენტურ რეფორმას, რომლის პრინციპებსა და მექანიზმებზე ინტენსიურ მუშაობას ვგეგმავთ 2024-2025 წლებში. ინიციატივა “კულტურა დემოკრატიისთვის” და მისი “კულტურის დეკლარაცია” წარედგინება ყველა ეროვნულსა და პროდასავლურ პოლიტიკურ და სამოქალაქო ერთობას, როგორც კულტურის სფეროს რეფორმირების პირველი ეტაპის სახელმძღვანელო, რის შემდეგაც დავიწყებთ ფართო სადისკუსიო პლატფორმის ფორმირებას"- ნათქვამია განაცხადში, რომელსაც ხელს 117 ადამიანი აწერს. 

"ინიციატივა კულტურა დემოკრატიისთვის ამ ეტაპისთვის აერთიანებს 120 აქტიურ წევრს, ისინი არიან კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების დიდი გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები. თანამოაზრეების წრის გაფართოება გრძელდება. უახლოეს მომავალში ინიციატივაში გაწევრიანების შეთავაზებას მიიღებენ კულტურის სფეროს სხვადასხვა ჯგუფები და ინდივიდები"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა