logo
ENG



სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა

26 ოქტ 202600:49
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/26/1rzuqhlxhme2x44.jpg

სერბეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტების მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციურმა მოძრაობამ გაიმარჯვა.

გამარჯვებულია - „სტუდენტური სია“ - წინასწარი მონაცემებით, მათ დაახლოებით 52%-ით გაიმარჯვეს და პარლამენტის 250 ადგილიდან - 138 მოიპოვეს. ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკურ ბლოკს დაახლოებით 39.3% - პარლამენტში 104-105 ადგილი ერგო.

ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა, თუმცა, ბრიფინგის ჩატარების მომენტში საბოლოო ოფიციალური მონაცემები ჯერ დადგენილი არ იყო. თავად ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ შედეგების თანახმად, მის ბლოკს პარლამენტში დაახლოებით 105 მანდატი ერგო. 

„საბოლოო შედეგები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ შერჩევითი მონაცემების საფუძველზე ნათელია, რომ არჩევნები წავაგეთ. „სტუდენტების სია“ გამარჯვებულია - მათ 135-დან 140-მდე მანდატი ექნებათ, ჩვენ კი დაახლოებით 105“, - თქვა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

არჩევნებში ერთმანეთს ალექსანდრ ვუჩიჩის მხარდაჭერილი მმართველი პოლიტიკური ძალა და სტუდენტური პროტესტის საფუძველზე ჩამოყალიბებული მოძრაობა დაუპირისპირდა. 

სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში რეკორდულად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. 19:00-ის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 67.6% იყო.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ალექსანდრ ვუჩიჩმა სექტემბერში დანიშნა, თითქმის 2-წლიანი, სტუდენტების ხელმძღვანელობით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე ჩატარდა. დემონსტრაციები კორუფციის სავარაუდო შემთხვევებმა და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებამ გამოიწვია.

პროტესტი 2024 წელს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევას მოჰყვა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ სტუდენტურმა მოძრაობამ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვა.

დღეს, ქვეყნის ქალაქებსა და დაბებში საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგები იდგა. ხმის მისაცემად მისულ ალექსანდრ ვუჩიჩსაც კი თითქმის 2 საათის განმავლობაში მოუწია ლოდინი. 

 

 


close დახურვა