რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლიდან ერთი წლის თავზე ინსტაგრამზე პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც გადარჩენაში დაეხმარა.
"ვერაფრით ვერ გავიგე, რომელ დღეს ვიზეიმო, როგორც მეორე დაბადების დღე... როგორც ჩანს, დღეს - 20 აგვისტოს. კიდევ დიდი ხანი ვიწექი, როგორც ბოსტნეული ბაღჩაში, მაგრამ მთავარი ამ დღეს მოხდა. მფრინავებმა მალევე დასვეს თვითმფრინავი და გადარჩენის შანსი მომცეს. სასწრაფოს ექიმებმა სწრაფად გამიკეთეს, რაც საჭირო იყო და საავადმყოფომდე მივაღწიე.
შემდეგ თქვენ ყველანი აღშფოთდით და არ მიეცით უფლება, ომსკის საავადმყოფოში ჩუმად ბალიშით გავეგუდე ან უბრალოდ სუნთქვის აპარატიდან მოვეხსენი. ამიტომაც კიდევ ერთხელ მადლობა. თქვენი წყალობით, ყველაფერი შესანიშნავად დალაგდა, მე გადავრჩი და ციხეში მოვხვდი! [...] ყველაფერი მართლაც შესანიშნავად დალაგდა, მეორე სიცოცხლისა და იმ გადაწყვეტილებების მიღების შანსი მივიღე, რომელიც სწორად მიმაჩნია " - წერს ნავალნი.
მოწამვლიდან ერთ წლისთავზე უცხოურ პრესაში - The Guardian-ში, Le Monde-სა და Frankfurter Allgemeine Zeitung-ში - ოპოზიციონერის სვეტი გამოქვეყნდა, რომელიც მან ციხეში დაწერა. აღნიშნულ ტექსტში ნავალნი საუბრობს კორუფციასთან ბრძოლის ხუთ პუნქტზე და განმარტავს, რატომ უნდა გახდეს ეს ბრძოლა პრიორიტეტული საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
2020 წლის 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში დასვეს და ოპოზიციონერი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მომდევნო ორ დღეში ნავალნი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს და ბერლინში გადააფრინეს. გერმანიაში განაცხადეს, რომ ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. რუსეთი კი ნავალნის მოწამვლასთან რაიმე კავშირს ამ დრომდე უარყოფს.
ამავე დროს, The Insider-სა და Bellingcat-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ პოლიტიკოსზე თავდასხმის უკან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დგანან. რამდენიმეთვიანი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ ნავალნიმ კლინიკა დატოვა. იგი ამბობს, რომ მისი მკვლელობის მცდელობის უკან უშუალოდ პუტინი დგას.
მოგვიანებით, სასჯელაღსრულების სამსახურმა განაცხადა, რომ ივ როშეს საქმეზე პირობითი მსჯავრის დარღვევის გამო, ნავალნის პატიმრობა ემუქრება, რადგან ის გაეწერა ბერლინის საავადმყოფოდან და არ დაბრუნდა რუსეთში, ამასთან, ინსპექციაში კონტროლზე არ ცხადდებოდა.
2021 წლის 17 იანვარს ნავალნი მოსკოვში დაბრუნდა და ის აეროპორტშივე დააკავეს. სასამართლომ მას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საერთაშორისო საზოგადოება ამ დრომდე მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ ნავალნი გაათავისუფლონ. ევროკავშირმა რუსეთის რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციებიც გაატარა.
