logo
ENG



"მსგავსი მდაბიო საქციელი არ მინახავს" - რუსთაველის ფონდის თანამშრომელი ბრაჭველზე

31 მაი 202416:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/31/2i6f23iyozxj9yw.jpg

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი რუსუდან ჯობავა, ფონდის დირექტორის, თეიმურაზ დოჭვირის მიერ გაკეთებულ პროსახელისუფლებო და გერმანიის ელჩის მიმართ "იმპერატიული ტონით" გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

იგი ამბობს, რომ საჯარო სამსახურში 11-წლიანი მუშაობის განმავლობაში, მას "მსგავსი მდაბიო და სამარცხვინო" ქმედებები საჯარო მოხელის მხრიდან არ უნახავს.

ჯობავა ასევე წერს, რომ ფონდის დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა, 29 მაისს გაკეთებული განცხადებებით საერთაშორისო ურთიერთობების ეთიკის ყოველგვარი ნორმები დაარღვია და რუსთაველის ფონდს "თავზე ლაფი გადაასხა."

"რომ არ დავწერო არ შემიძლია...ბევრჯერ დავიწყე პოსტის წერა და მერე წავშალე. დღემდე ძალიან ვღელავ. ახლა გადავწყვიტე. გადავწყვიტე იმიტომ, რომ როდესაც რაღაცა საქმის პასუხისმგებელი ხარ და ამ საქმის განვითარებაში შემაფერხებელი მომენტი დგება, ვთვლი, რომ იქ ხმა უნდა ამოიღო და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ქვეყნის ღირსებას და ამასთან, თავმოყვარეობას ეხება.ოთხი წელია შოთა რუსთაველის ფონდში ვმუშაობ და მის საერთაშორისო ურთიერთობებს ვხელმძღვანელობ.არ იცით როგორ ველოლიავებით და ვუფრთხილდებით, რომ არც თუ ისე დიდი ბიუჯეტის ფარგლებში ჩვენს სამეცნიერო წრეებს საშუალება ჰქონდეთ უცხოეთში კვალიფიკაციის ამაღლების. ამ ურთიერთობების მოფრთხილებას, ბიუჯეტის გარდა, ურთიერთობების მაღალი კულტურა და დიპლომატია სჭირდება. რუსთაველის ფონდის დირექტორმა გუშინწინ რუსთაველი-DAAD ის დაჯილდოებაზე დაარღვია ყველანაირი საერთაშორისო ურთიერთობების ეთიკა და რუსთაველის ფონდს თავზე "ლაფი" დაასხა.ხაზი გადაუსვა ყველანაირ პროტოკოლურ ჩარჩოს და გერმანიის ელჩს, იმ ქვეყნის რომელიც შენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია, იმპერატიული ტონით საქმის გარჩევა დაუწყო, მითითებაც მისცა- თარჯიმანი გამოცვალეო. გავრცელებული კადრები ამ სირცხვილის სიმძაფრეს სრულად ვერ ასახავს. მინდოდა რომ მიწა გამოსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი...ბოდიშის მოხდა მომიწია ელჩთან და DAAD -ის ოფისთან.საზეიმო განწყობა სტრესულ განწყობად გადააქცია, მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორი უკიდურეს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, იქ შეკრებილები დაზაფრა და დაჯილდოების ბოლო ნაწილი ჩაშალა. ჩაშალა. აღარაფერს ვამბობ საკუთარი თავის ტაშის კვრის მომენტზე, რამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო...რატომ გავბედე და დავწერე? იმიტომ რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების განვითარების პასუხისმგებლობა ჩემს სამსახურზე მოდის, იმიტომ რომ 11 წლის საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში მსგავსი მდაბიო და სამარცხვინო საქციელი საჯარო მოხელის მხრიდან მე არ მინახავს!!!! საჯარო სამსახურში მუშაობა არ ნიშნავს პირში წყალი ჩაიგუბო და იჯდე უარესის მოლოდინში. და კიდევ, რატომაც, წინ მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში მსგავსი "მარგალიტების" ხილვა არ მსურს", - წერს რუსუდან ჯობავა სოციალურ ქსელში. 

29 მაისს DAAD-ისა და რუსთაველის ფონდის ერთობლივ ღონისძიებაზე, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, თეიმურაზ დოჭვირი სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს ევროპული გზიდან არ გადაუხვევია, მის გამოსვლას დარბაზში უკმაყოფილებით შეხვდნენ.


close დახურვა