logo
ENG



"ნიკა მელიამ პოლიციის პროვოცირება მოახდინა" - ოდიშარია

24 სექ 202314:31
3 წუთის საკითხავი
 
"ნიკა მელიამ პოლიციის პროვოცირება მოახდინა" - ოდიშარია

ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია გლდანში მომხდარ დაპირისპირებასა და ნიკა მელიას დაკავებაზე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრმა "პოლიციის პროვოცირება" მოახდინა. ამის შესახებ ოდიშარიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"რაც შეეხება ნიკა მელიას თუ სხვას, რაც არ უნდა ადამიანები მავნებლები იყვნენ ან პროვოკატორები, ციხისთვის მე არავინ არ მემეტება. თუმცა არის ასეთი სამართლებრივი გარემოება, რომ ის არის გირაოს ქვეშ და მან მოახდინა პროვოცირება პოლიციის - იქ ჩანს, რომ პირდაპირ ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდა", - განაცხადა მან.

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.

თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათობით ადამიანი დაესხა თავს.

ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.

მომხდარის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ. პოლიციამ დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული წესით ენმ-ს სამი წევრი დააკავა. დაკავებულები არიან ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.

ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ეძგვერაძის მხარდამჭერებთან დაპირისპირების შედეგად პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე დაზინებები აღენიშნებათ და გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყეს.

უწყებამ საკრებულოს დეპუტატისა და მისი მეგობრების ჯგუფურად ცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა - დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა