logo
ENG



"ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღეს" - რესპუბლიკურის ექიმი შეჩერებულ დემონტაჟზე

25 თებ 202413:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/25/n2nn0ypwrs9uh84.jpg

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, მალხაზ გოგუა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება კლინიკის დემონტაჟისა და რეორგანიზაციის რამდენიმე წლით შეჩერებასთან დაკავშირებით, ოპტიმალურია.

მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, კლინიკიდან წასულ თანამშრომლებს დაბრუნება შეეძლებათ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ეს რა ფორმით მოხდება.

"ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ ვიბრძვით. ამიტომ, ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ვიღაცას ბრძოლა მოვუგეთ. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღეს.

კლინიკიდან წასული თანამშრომლები, ვინც მოინდომებენ დაბრუნებას, არის ნაწილი, რომელსაც აქვს განცხადება დაწერილი, მაგრამ თანხა არ მიუღიათ, ჩემი აზრით, ისინი უპრობლემოდ დაბრუნდებიან. ვისთანაც უკვე თანხაა ჩარიცხული, შესაძლებელია რაღაც სამართლებრივი გზა გამოიძებნოს მათი დაბრუნებისთვის", - ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი.

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი და რეორგანიზაცია რამდენიმე წლით შეაჩერონ. ამას წინ რესპუბლიკურის ექიმებთან კობახიძისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა უძღოდა. 

როგორც კობახიძე ამბობს, ექიმებთან შეხვედრისა და კონსულტაციებისას შეჯერდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უახლოესი თვეების განმავლობაში ალტერნატიულ პროექტზე იმუშავებს, ხოლო საავადმყოფო ახლის აშენებამდე ფუნქციონირებას ჩვეულებრივად გააგრძელებს. 

11 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყეს. უწყების ცნობით, 350-მა თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი აირჩია.

22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".


close დახურვა