ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა მორიგი ანტიამერიკული წერილი გაავრცელეს.
ისინი აშშ-ის საელჩოს საქართველოს სუვერენიტეტსა და ქვეყნის ინსტიტუტების მიმართ "უხეშ და უპატივცემულო დამოკიდებულებაში" ადანაშაულებენ.
დეპუტატები წერენ, რომ საელჩომ პარლამენტს 2 დღის წინ სასამართლო რეფორმის შესახებ რეკომენდაციები წარუდგინა, რომელშიც სიტყვა "უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო "რეკომენდაციას“ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს.
აღსანიშნავია, რომ ამ 4 დეპუტატიდან არც ერთი არ არის იმ სამუშაო ჯგუფში, რომელსაც აშშ-ის საელჩომ რეკომენდაციები გაუგზავნა.
"ასეთ დოკუმენტს არა „რეკომენდაციები“, არამედ მხოლოდ „ინსტრუქცია“ შეიძლება ეწოდოს, რაც, სამწუხაროდ, საბჭოთა წარსულს გვახსენებს და შესაბამის მძიმე ასოციაციებს აღძრავს". - წერენ ისინი.
დეპუტატების განცხადებით, "საელჩოს შეუძლია თქვას, რომ კანონმდებლობის ესა თუ ის ნორმა უსამართლოა, მაგრამ სამართლიანი ნორმები როგორ უნდა შეიცვალოს, ამის თქმის უფლებას, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის პირობებში, საელჩო საკუთარ თავს არ უნდა აძლევდეს".
"ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატები ამბობენ, რომ საელჩო პარლამენტს 5 კონსტიტუციური ნორმის შეცვლაზე მიუთითებს.
"ესეც არის სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულო და უხეში დამოკიდებულების გამოვლინება. კონსტიტუციის სტაბილურობა სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. როდესაც საელჩო გამუდმებით ცდილობს, საქართველოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა აიძულოს, ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ საელჩოსთვის სახელმწიფოს სტაბილურობის შესუსტება ერთგვარი თვითმიზანია".
მათი განცხადებით, საელჩოს მიერ პარლამენტისთვის მიწოდებულ დოკუმენტში "არაერთი პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციაა წარმოდგენილი".
"საელჩოს ინსტრუქციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა აირჩიოს არა ჩვეულებრივი, არამედ 3/5-ის უმრავლესობით. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეები უნდა დანიშნოს და წარადგინოს ორმაგი 2/3-ის უმრავლესობით, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე წევრთა 2/3-მა, ისე არამოსამართლე წევრთა 2/3-მა უნდა დაუჭიროს. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საელჩოს ინსტრუქციაში შემოთავაზებულ ნორმებს დემოკრატიულ სამყაროში ანალოგი არა აქვს. საზოგადოებას მარტივად რომ განვუმარტოთ, ამ ინსტრუქციის გათვალისწინების პირობებში, ოპოზიცია იღებს სრულ კონტროლს მოსამართლეების არჩევასა და დანიშვნაზე. ვერცერთი მოსამართლე ვეღარ აირჩევა ან დაინიშნება ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა სისტემაში მისთვის სასურველი მოსამართლეების შეყვანას შეძლებს. რას ნიშნავს საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული მოსამართლეები, ეს 2004-12 წლებში საზოგადოებამ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ იწვნია და ამის გამეორება დაუშვებელია. გამამართლებელი განაჩენების თითქმის ნულოვანი მაჩვენებელი, წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის, გირაოსა და ჯარიმის შეფარდების უმძიმესი სტატისტიკა 2004-12 წლების პრობლემების მასშტაბურობასა და სისტემურობას უტყუარად ადასტურებს. ნიშანდობლივია, რომ ძალაუფლების უზურპაცია ნაციონალურმა მოძრაობამ 2004 წელს სწორედ სასამართლო ხელისუფლების მითვისებით დაიწყო. ყველას გვახსოვს, რომ საელჩოს და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდათ სრული ჰარმონია იმ სასამართლო სისტემის გარშემო, რომელიც ავტორიტარიზმის, რეპრესიული მანქანის, ადამიანებზე ზეწოლისა და ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ უმთავრეს მექანიზმად იყო ქცეული. გარდა ამისა, სარალიძის საქმემ აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელ ერთ სასამართლო გადაწყვეტილებასაც კი ქვეყანაში სერიოზული არეულობისა და რყევების შეტანა შეუძლია. ასეთ პირობებში, საზოგადოებას თავად შეუძლია განსაჯოს, რისთვის და როგორ გამოიყენებენ საელჩო და ნაციონალური მოძრაობა სისტემაში მათ მიერ შეყვანილ რამდენიმე ათეულ მოსამართლეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სასამართლო სისტემაში არ დაბრუნდეს ის უმძიმესი რეალობა, რომელიც 2012 წლამდე იყო შექმნილი.
სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა ნიშნავს სასამართლო სისტემაში პოლიტიკის შეტანას, მოსამართლეებს შორის პერსონალური კონფლიქტების პროვოცირებასა და სისტემის დესტაბილიზაციას. სწორედ ამ მიზეზების გამო, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობას განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ანალოგი არა აქვს. ასეთ პირობებში, რატომ იძლევა საელჩო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობის შემოღების ინსტრუქციას, ვფიქრობთ, არცთუ რთული გამოსაცნობია.
საელჩოს მესამე ინსტრუქცია სრულიად გამაოგნებელია. საელჩო, არც მეტი არც ნაკლები, აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს სამი მოქმედი მოსამართლე - ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი და ზურაბ ძლიერიშვილი უვადოდ უნდა იქნენ არჩეული. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პარლამენტი იღებენ. საბჭოს და პარლამენტის მიერ კონკურსის საფუძველზე მისაღებ გადაწყვეტილებაში საელჩოს ესოდენ უხეში ჩარევა საბჭოთა ცეკასაც კი შეშურდებოდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლე ნინო ბაქაქური მთელ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე არადისციპლინირებული მოსამართლეა. როგორც გაირკვა, 2017 წლიდან დღემდე მას ვადის დარღვევით 560 საქმე აქვს განხილული, როცა საელჩოს მიერ რეკომენდირებულმა კიდევ ერთმა მოსამართლემ, ზურაბ ძლიერიშვილმა იმავე პერიოდში ვადის დარღვევით მხოლოდ 1 საქმე განიხილა. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, იმავე პერიოდში ნინო ბაქაქურმა უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა 626 საქმიდან 271 საქმეზე დაარღვია, საიდანაც 213 საქმეზე მხარეები დასაბუთებულ გადაწყვეტილებას უკვე 2 წელიწადზე მეტია ამაოდ ელიან. ასეთი უდისციპლინობის პირობებში, რა განაპირობებს საელჩოს განსაკუთრებულ სიმპათიებს მოსამართლე ბაქაქურის მიმართ, საზოგადოებამ თავად განსაჯოს. როდესაც საელჩო, ერთი მხრივ, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას აფერხებს და მეორე მხრივ, ისეთი მოსამართლის უვადოდ განწესებას ითხოვს, რომელიც სასამართლოში საქმეების დროულ განხილვას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის, მძაფრდება გონივრული ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში კოლაფსის შექმნას საელჩო, სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად ახორციელებს". - წერია ფორმალურად წასულების განცხადებაში.
სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე და მაჭარაშვილი წერენ, რომ "სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა საელჩოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია".
"საზოგადოება გასული სამი წლის განმავლობაში, ძირითადად, საელჩოს ორ მცდელობას აკვირდებოდა: პირველი, ეს იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება და მეორე, იმავე ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით, სასამართლო სისტემაში შეღწევა.
სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და მასში შეღწევის მიზანს საელჩოს მიერ მართლმსაჯულების მთავარი კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული იგნორირება და მოსამართლეების მიმართ შერჩევითი მიდგომაც ადასტურებს. კლანური პრინციპების შესაბამისად, საელჩოს შერჩეული ყავს ათამდე ფავორიტი მოსამართლე, რომლებიც ვიზიტების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვისას განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ. ზოგადად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისას, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით ხორციელდება, იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის უკან ფავორიტი მოსამართლეების წრის შენარჩუნებისა და გაფართოების ინტერესი იკითხება. აღნიშნულის გაგრძელებაა ელჩის მოულოდნელი და შეუთანხმებელი ვიზიტები სასამართლოებში, რომლებიც, ბუნებრივია, ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება. ეს საკითხები მკაცრ საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს, რათა სასამართლო სისტემაში კლანური და სელექციური მიდგომების დამკვიდრება მომავალში ვერც საელჩომ და ვერც რომელიმე სხვა დაინტერესებულმა სუბიექტმა ვერ შეძლოს.
ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის გადმოსახედიდან, პარლამენტისა და მთავრობის დათმობაზე უარესია. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების სცენარი თეორიულად რომ დავუშვათ, ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე წელიწადში, მომდევნო არჩევნებით შეიძლება, მაგრამ სასამართლო ხელისუფლებას თუ მიითვისებენ, სახელმწიფო სამუდამო და გამოუსწორებელ პრობლემას მიიღებს. სახელმწიფო, სადაც სასამართლო ხელისუფლებას სხვა აკონტროლებს, ნულოვანი სუვერენიტეტით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მთელი ჩვენი ძალისხმევა სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისკენ იქნება მიმართული".
გარდა აშშ-ის საელჩოსი, დეპუტატებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ტომას ჰენრიკ ილვეშს და მას ბრალი დასდეს აფხაზეთსა და ცხინვალში ომის დაწყების მოთხოვნაში.
"ჩვენი წინა განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც პირველად საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლობისტის, თომას ილვესის პირით გაახმოვანეს. შეგახსენებთ, რომ ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალში ომის დაწყებას ცოტა ხნის წინ ღიად ითხოვდა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს განცხადებაზე საელჩოს ჯანსაღი რეაქცია ჰქონოდა, ახლა ისინი ქვეყანას, სანქცირებული საქონლით ვაჭრობის მოგონილი საბაბით, უკვე საერთაშორისო იზოლაციით ემუქრებიან. როგორც ჩანს, ჩვენს მიერ საელჩოსთვის ნიღბის ჩამოხსნამ და სიმართლის თქმამ მათი გაღიზიანება გამოიწვია. შესაბამისად, როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მართებთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ქვეყანამ შესაბამისი რისკები აიცილოს თავიდან". - წერენ ისინი.