ნინო წილოსანი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს "გავრილოვის ღამის" გამოყენების გამო აკრიტიკებენ.
ნინო წილოსანი ამბობს, რომ "პარლამენტზე შტურმის" ფაქტის "გავრილოვის ღამედ" მოხსენიება არაკორექტულია.
"პარლამენტზე შტურმის ფაქტის გავრილოვის ღამედ მოხსენიება, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ არ არის კორექტული. იმედი მაქვს, რომ ეს თარგმნის, ან რაიმე სხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ წამოყენებულ საკითხებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, ალბათ, გაცილებით მარტივი იქნება, თუ აღნიშნულ კითხვებზე, რამდენადაც არარეალური ან მიუღებელიც შეიძლება ეს იყოს, გაეცემა კონკრეტული პასუხები, რაც, ვფიქრობ, გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე რაღაც ზოგადი ფორმულირებით პასუხის გაცემა."- განაცხადა წილოსანმა.
"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასული, სოზარ სუბარის განცხადებით, კელი დეგნანი თავისი განცხადებით დაუპირისპირდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას.
"გაოცებული ვარ, რომ ამჯერად უკვე ქალბატონი დეგნანი დაუპირისპირდა თვით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციასაც კი. მათ პირდაპირ შეაფასეს 20 ივნისის ღამე, როგორც შეჭრის მცდელობა საქართველოს პარლამენტში. დეგნანი იყენებს ტერმინს, რომელიც ძალიან პოპულარულია ოპოზიციაში და გავრილოვის ღამეს უწოდებს. ძალიან მაინტერესებს დეგნანის პოზიცია, ანუ მას მიაჩნია თუ არა გამართლებულად პოლიციელებზე თავდასხმა, მიაჩნია თუ არა, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრას, იყო თუ არა ამისთვის მოწოდებები. ამ ყველაფერზე საქმე იყო აღძრული და ეს ყველაფერი ფაქტებით არის დადასტურებული. დეგნანის ამ განცხადებით კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ის იწონებს მთელ ამ ქმედებებს, ემიჯნება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას. მეორე მხრივ, ეს განცხადება არის დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ გუშინ ვამბობდით ჩვენს განცხადებაში, აშშ-ის ელჩის ძალიან სერიოზული ძალისხმევა იყო ჩადებული იმაში, რომ 20 ივნისის ღამის დამნაშავეები, რომელთაც ბრალი ჰქონდათ წარდგენილი, გაეთავისუფლებინათ ციხიდან"- თქვა სუბარმა.
დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, რომელმაც ასევე ფორმალურად დატოვა "ქართული ოცნება", კელი დეგნანის დიპლომატიური ენა "აბსოლუტურად სცდება აქამდე ყველასათვის დადგენილ სტანდარტს".
"კელი დეგნანმა განაცხადა, თითქოს არ გვიცნობს. ვფიქრობ, რომ მისი ყოველდღიური მეხსიერებიდან ჩვენ არ ამოვდივართ, მაგრამ ჩვენს ურთიერთგანსხვავებაში არ არის საქმე. ვფიქრობ, რომ მისი დიპლომატიური ენა აბსოლუტურად სცდება აქამდე ყველასათვის დადგენილ სტანდარტს. ის ამბობს, რომ უარგუმენტო იყო ის კითხვები, რასაც ყოველდღიურად გაურბის და დღეს პრაქტიკულად საბოლოოდ დაადასტურა, რომ არ აპირებს პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რაც არამხოლოდ ჩვენ გვაინტერესებს, არამედ აინტერესებს საზოგადოებასაც. ვფიქრობ, მისი დამოკიდებულება არის ფიქსაცია იმისა, რომ ის არის მხარე, რადგან ის არათუ დიპლომატიური ენით არ საუბრობს, არამედ დაიწყო საუბარი უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ენით და მისი მესიჯბოქსი არის უკვე წინა პლანზე წამოსული."- განაცხადა ხუნდაძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ სთავაზობს ქართველ ხალხს, გაიხედონ წარსულში და დაინახონ, რომ "გავრილოვის ღამე", არშესრულებული დაპირებები, ანტიდემოკრატიული ქმედებები" - ესაა ფაქტორები, რამაც გამოიწვია პოლარიზაცია.