logo
ENG



"პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე" - ფურცხვანიძე ისევ გამოკითხეს

17 ოქტ 202215:27
3 წუთის საკითხავი
 

გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მან თქვა, რომ ელექტროობა შემოწმებული იყო "დაინსტალირების დროსაც და მერეც". დამატებით კითხვებს მან არ უპასუხა.

"მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება, ეგ მე, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს", - თქვა ფურცხვანიძემ.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს. 

გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.


close დახურვა