logo
ENG



ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

30 ნოე 202220:16
3 წუთის საკითხავი
 

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა.

პროცესზე გრინსერვისპლუსის დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ პროკურორს მიმართა და უთხრა, რომ ის ბრალდებულების "გადაბირებას" ცდილობს, რაც არ გამოუვა.

"ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ ცდილობთ, დაიჭირონ კატა ბნელ ოთახში, როცა ის იქ არ არის, ცდილობთ ამ ცხრა ბრალდებულიდან რომელიმე მაინც გადაიბიროთ, ამას პირდაპირ ვიტყვი და რამე ათქმევინოთ. ვერ ათქმევინებთ, ბატონო პროკურორო, იმიტომ, რომ ასეთი რამე არ არსებობს ბუნებაში", - განაცხადა მან.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.


close დახურვა