მთავარი არხის გენერალური დირექტორის შეწყალებაზე საუბრისას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საზღვარგარეთ შინაურ საქმეებზე კომენტარს არ აკეთებს. ზურაბიშვილი ამჟამად სახელმწიფო ვიზიტით იტალიაში იმყოფება.
"ჯერ ეგ ერთი, პასუხი არ მევალება. მე არ ვაკეთებ საზღვარგარეთ განცხადებებს შინაურ საქმეებზე, მით უმეტეს შეწყალებაზე, რომელიც არის ჩემი დისკრეციული უფლება და კომენტარებს არ ვაკეთებ", - თქვა მან პირველ არხთან.
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს.
ომბუდსმენი ნიკა გვარამიას განაჩენის შემოწმების შედეგებს აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით.
2 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვერ შეაფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ "ამ დროს ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა გადავადეულიყო სხვადასხვა ფორმით, პოლიტიკურად არ იყო დროული".
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.