logo
ENG



"სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა" - წილოსანი მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

14 აპრ 202119:51
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/14/ixsbamam7t9g1vo.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი მსახიობ ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. 

წილოსანი წერს, რომ სამაგალითოა მაყაშვილის გამბედაობა, "ესაუბრა ამ მძიმე გამოცდილებაზე, რადგან ყოველ ასეთ შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეწყობა ხელი".

"სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე საზოგადოების რეაქცია ჯერ ისევ არაერთგვაროვანია... ხშირად გვესმის მოძალადის გამამართლებელი სტერეოტიპული ფრაზები: "ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი არაფერია" ან "კაცს აბრალებენ". ქალის დადანაშაულებისა და განსჯის მანკიერი პრაქტიკა კვლავ რჩება საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად...

ხშირად იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ძალადობის მსხვერპლ ქალს, ის ცდილობს მის გაჩუმებას და არ ერიდება მსხვერპლის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკას.

ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირების ფონზე, განსაკუთრებით საშიშია ისეთი დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც ამართლებს და იცავს მოძალადეს.

ამ მოცემულობის პარალელურად მიხარია, რომ კანონმდებლობა გენდერულად მგრძნობიარეა და ვუზრუნველვყოფთ მსხვერპლის სამართლებრივ დაცვას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამის მიუხედავად, მძიმეა საზოგადოებრივი ტვირთი, რომელიც დამატებით სიმძიმედ ევლინებათ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათ გაჩუმებისკენ უბიძგებს.

მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი, ასევე მასთან ერთად ყველა ის ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური სახის ძალადობა. სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა, ესაუბრა ამ მძიმე გამოცდილებაზე, რადგან ყოველ ასეთ შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეწყობა ხელი", - წერს წილოსანი.

ნინუცა მაყაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა ინტერვიუში ისაუბრა, რომ როცა ზანგურზე იყო დაქორწინებული, ქმარი მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.

ინტერვიუში მაყაშვილი 11 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, ახლა იმიტომ ყვება, რომ აღარ ეშინია და უნდა, სხვა ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, მაგალითი მისცეს. მაყაშვილი, გამოკითხვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

ბესო ზანგური ამჟამად რუსთაველის თეატრის მსახიობია. თეატრში ამბობენ, რომ ძალადობას გმობენ, თუმცა ზანგურს თეატრში ტოვებენ. თეატრმა დღეს, 14 აპრილს გაავრცელა მორიგი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ჩახსნეს სპექტაკლი, რომელშიც ზანგური მონაწილეობს.


close დახურვა