რუსთაველის თეატრი ეხმაურება რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ინტერვიუს, სადაც მსახიობი ნინუცა მაყაშვილი ყვება, რომ როცა ამავე თეატრის მსახიობის ბესო ზანგურის ცოლი იყო, კაცი მასზე სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის პერიოდში.
რუსთაველის თეატრი განცხადებაში წერს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ ახსენებს მსახიობ ბესო ზანგურს. ამის შემდეგ ფორმულა თეატრს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა რეაგირება ექნებათ ზანგურთან დაკავშირებით. თეატრში გვითხრეს, რომ მსახიობს არ ათავისუფლებენ, თუმცა ძალადობას გმობენ.
ინტერვიუში მაყაშვილი 11 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, ახლა იმიტომ ყვება, რომ აღარ ეშინია და უნდა, სხვა ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, მაგალითი მისცეს.
"არ მახსოვს, პირველად რა მიზეზი იყო, უბრალოდ იმდენად შოკირებული ვიყავი... ძალიან რთულია ამ ყველაფერზე, მიუხედავად 11 წლის მერე, ლაპარაკი. არ მახსოვს, რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. ძალიან [მცემა]. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ბოდიშების და საჩუქრების რიგი კორიანტელი, რომელიც მე, რა თქმა უნდა, არაფერში აღარ მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, ზოგადად ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი მომენტი და სწორი დრო. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მემარტივება ამაზე საუბარი, ვიდრე მაშინ", - ამბობს მსახიობი.
ის ყვება, რომ ძალადობა ხშირად ხდებოდა, მიზეზი კი ნებისმიერი რამ შეიძლებოდა, ყოფილიყო.
"ძალადობა ხშირად ხდებოდა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო თუნდაც ის, რომ, როცა შევჭამდი, თეფში და ჩანგალი თავის დროზე არ გამერეცხა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ როცა წითელ შუქნიშანზე მანქანით გაჩერებული ვიყავი და უბრალოდ მოწყენილი ვყოფილიყავი, ეთქვა, რომ მე ვარ უჟმური. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ქუჩაში დანახული უბრალოდ ბიჭი... მერე მივხვდი, რომ ძალიან ბევრი კომპლექსი აქვს და ამ კომპლექსების კომპენსირებას ცდილობდა ჩემთან... ახლა ნერვები მეშლება და ყელში მადგება, მაგრამ მაშინ სუსტი ვიყავი. იმიტომ ვპატიობდი, რომ მეშინოდა. ძალიან მეშინოდა, იყო რიგი მუქარები ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. ვერავის ვუყვებოდი, რადგან ძალიან რთულია ასეთ რამეზე გამოხვიდე და ილაპარაკო. ყველა ელოდა ჩემგან, რომ მე ვიტყოდი - მიშველეთ და მე ვერ ვამბობდი. ბოლოს იყო, როცა ვთქვი, მიშველეთ", - იხსენებს მსახიობი.
წამყვანმა ამის შემდეგ მას ჰკითხე, რა იყო ის ბოლო წვეთი, როცა გაანალიზა, რომ მოძალადე ქმრისგან უნდა წასულიყო:
"ბოლო წვეთი იყო, გასტროლებზე იყო წასული და რომ ჩამოვიდა, ბავშვთან ერთად ბებიაჩემთან ვიყავი, ღამის 4 საათზე მომაკითხა, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე, ბავშვთან ერთად დავრჩები ბებიაჩემთან და დავიძინებ-მეთქი, არაო და 4 საათამდე მე და ბებია ვისხედით და ველოდებოდით, ბავშვი გავაღვიძე, წავედით სახლში და ღამის 4 საათზე რომ დაიწყო [ცემა], დილის 8 საათამდე არ გაჩერდა. ერთადერთი, რისი თქმაც მაშინ შემეძლო, იყო ჩემი შვილის სახელი, რომელიც გვერდზე ოთახში "ღნაოდა". ერთადერთი, რამაც მაშინ გამაძლებინა, იყო ის, რომ ვიცოდი, ბავშვი იქიდან უნდა წამეყვანა, როგორ, რანაირად - არ ვიცი, მაგრამ უნდა წამეყვანა. ძალიან მარტივია როცა ადამიანი ეგეთ რაღაცას გიყვება, უთხრა, რატომ არ გააკეთე და პირველად რომ შეგეხო, რატომ არ წამოხვედი, მაგ დროს ვერ აზროვნებ, იმდენად ხარ ამ ყველაფერში, ვერაფერზე ფიქრობ. ერთადერთი, რისი ფიქრის საშუალებაც მქონდა, ალბათ, ასე უნდა ვიყო, რომ სხვა არ დავაზიანო და ალბათ, ეს არის ჩემი ცხოვრება. მაგ დროს შენს თავში ძალას ვერ პოულობ.
რომ მივხვდი, შვილი უნდა წამომეყვანა, ზუსტად მქონდა 10-15 წუთი სახლიდან გამოსაქცევად. ბავშვიანად მოვიკიდე ექვსი ჩანთა და მე-10 სართულიდან ჩამოვედი ფეხით, ტელეფონი არ მქონდა, მეზობლის დახმარებით გამოვიძახე ტაქსი. სადარბაზოდან გასვლის მომენტი ძალიან ცუდად მახსოვს იმიტომ, რომ შეიძლებოდა გზაში შევფეთებოდი და ვხვდებოდი, რომ თუ ის დამინახავდა, მაშინ რაღაც საოცრება მოხდებოდა. ტაქსს ვთხოვე, კარი გამიღე მეთქი და ჩანთებიანად და ბავშვიანად ამ ტაქსიში შევწექი. სახლში როცა ჩავედი და დავინახე, ტელეფონმა რეკვა დაიწყო, ამაკანკალა... მოვიდა მერე, მაგრამ მერე უკვე დედაჩემი მედგა ზურგში", - ყვება მსახიობი.
ის ძალადობის მსხვერპლ ქალებს მიმართავს:
"ძალიან კარგად მესმის ძალადობის მსხვერპლი ქალების, რატომ არ დგამენ ნაბიჯს. ყველა ქალს, ვინც ახლა მსგავს სიტუაციაში, ან იგივეს განიცდის, ან ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება დამთავრებულია და ეს არის მისი ბედი, მე ყველას ვთხოვ, რომ აი, არ ვიცი, როგორმე ძალა მოიკრიბეთ და იცოდეთ, რომ ერთხელ ცხოვრობთ, არავის აქვს უფლება, რომ ზედმეტად შეგეხოთ, ცუდად მოგექცეთ. ყველას მართლა გულით ვთხოვ, რომ იპოვოს თავის თავში ძალა და ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგოს. საბედნიეროდ, ახლა ბევრი ორგანიზაციაა, რომელიც დაეხმარება, მაშინ არ იყო ასეთი სიტუაცია. ძალიან დიდი ზურგი ეყოლება ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვეტს, რომ ასეთი ურთიერთობა დამთავრდეს. ეს ყველაზე რთული ნაბიჯია, მაგრამ იცოდეთ, რომ მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, იცოდეთ, რომ მეც ვყოფილვარ ცუდად და ახლა ვარ კარგად, თქვენც იქნებით კარგად, მთავარია ძალა იპოვოთ თქვენს თავში".