logo
ENG



"საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გაზრდის" გამო, რუსეთის საგარეომ აშშ-ის ელჩი დაიბარა

21 თებ 202317:09
3 წუთის საკითხავი
 
"საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გაზრდის" გამო, რუსეთის საგარეომ აშშ-ის ელჩი დაიბარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთში აშშ-ის ელჩი, ლენ ტრეისი დაიბარეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

როგორც საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნული, ელჩის დაბარების გადაწყვეტილება "უკრაინის საომარ მოქმედებებში აშშ-ის მონაწილეობის გაზრდას" მოჰყვა.

"ელჩისთვის გადაცემულ საპროტესტო ნოტაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ძალების შეიარაღებით ავსება, ასევე მიზნობრივად იარაღის გადაცემა რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ნათლად ადასტურებს ამერიკული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებების სიცრუეს, რომ აშშ არ არის კონფლიქტის მხარე", - აღნიშნულია საგარეოს განცხადებაში.

გარდა ამისა, საგარეო წერს, რომ უკრაინაში არსებული ვითარების დეესკალაციისთვის, ვაშინგტონმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რაც გულისხმობს აშშ-ისა და NATO-ს სამხედრო ტექნიკის გაყვანას უკრაინიდან, ასევე მტრული ანტირუსული მოქმედებების შეწყვეტას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის დაბარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მოულოდნელად, კიევში ჩავიდა. უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო.

ბაიდენმა ვიზიტის ფარგლებში სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერის ჯამური ოდენობა 500 მილიონ დოლარი იქნება.

რუსეთის ომის ერთი წლის თავზე მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ პუტინი მწარედ შეცდა, როცა უკრაინა სუსტი, ხოლო დასავლეთი დანაწევრებული ეგონა. მისი თქმით, ერთი წლის შემდეგაც კიევი ისევ დგას.


close დახურვა