logo
ENG



"სირცხვილია" ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ხვალ, პარლამენტთან აქციას გამართავს

13 ნოე 202118:05
3 წუთის საკითხავი
 
"სირცხვილია" ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ხვალ, პარლამენტთან აქციას გამართავს

მოძრაობა სირცხვილია ხვალ, 14 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციას აანონსებს.

სირცხვილიას განცხადებაში წერია, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ისევე, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართულმა ოცნებამ გააყალბა. თუმცა, ორივე შემთხვევაში სირცხვილიას თქმით, დაშინების, მუქარის, გაყალბებისა და ფულადი თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბების მიუხედავად, მმართველ გუნდს მინიმალური უპირატესობა ჰქონდა.

განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილისა და გაყალბებული არჩევნების ფონზე მმართველი გუნდი სიტუაციის დეესკალაციის ნაცვლად ამწვავებს დაძაბულობას და სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს. მოძრაობის თქმით, ქართული ოცნება ლახავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ქვეყანას რუსეთთან აახლოებს.

„მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა ამომრჩევლის ნება, მიიტაცა სასამართლო, შეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შელახა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და შედეგად დაამყარა ავტორიტარული მმართველობა, რუსეთისგან სულ ერთი ნაბიჯი გვაშორებს", - წერია სირცხვილიას განცხადებაში.

მოძრაობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობას პუტინის რუსეთის გეგმის შესრულებად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.

„აქ და ახლა ყველაზე მართლები ვართ და არასდროს ყოფილა ჩვენი პროტესტი იმაზე უფრო ლეგიტიმური, ვიდრე ახლაა! 14 ნოემბერს, 19:00 საათზე, კიდევ ერთხელ და ერთად მოვითხოვთ იმას, რასაც უკვე ბევრი წელია ეს ქვეყანა იმსახურებს - სამართლიან, სრულად პროპორციულ ვადამდელ არჩევნებს, რადგან ლეგიტიმაციადაკარგული ქართული ოცნება არ შეიძლება ისევ აგრძელებდეს ქვეყნის მართვის იმიტაციას. და თუ ერთხელ მაინც მდგარხარ ქვეყნის სამსახურში, პოსტზე გამოცხადების დროა! - წერია მოძრაობა სირცხვილიას განცხადებაში.


close დახურვა