რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძეც ესწრებოდა.
მედპერსონალი კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილებასა და რეორგანიზაციას აპროტესტებს. ისინი სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ითხოვდნენ პრემიერთან შეხვედრას.
ექიმების თქმით, დღევანდელ შეხვედრას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია. მათი განცხადებით, დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა.
"გვქონდა შესაძლებლობა, სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა პრემიერისთვის ყველა საკითხზე აბსოლუტურად, რაც გვაწუხებდა... რა თქმა უნდა, ამ ერთი შეხვედრით და ინფორმაციის მიღების შემდეგ, მაშინვე თავის გადაწყვეტილებას ვერ გამოაცხადებდა და არც აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული თავისთავად, მოიძიებს სხვა ინფორმაციასაც. ხვალ კიდევ დამატებით შეგვხვდება და ჩვენ იმედია გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება სასიკეთო ქვეყნისთვის, პირველ რიგში და ყველასთვის", - თქვა კობახიძემ.
კობახიძემ დღეს თქვა, რომ "მოსაძებნია ბალანსი, ინფრასტრუქტურის განახლებასა და კოლექტივის ინტერესებს შორის". ექიმების თქმით, ამ შემთხვევაში, ორი მხარე არ არსებობს და ისინი კლინიკისა და სახელმწიფო ინტერესებით მოქმედებენ.
22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".