ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები ლოცვის უფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ადგილობრივი ქრისტიანები მათ ამაში ხელს უშლიან.
მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ კერძო სახლი შეიძინეს და სამლოცველო მოაწყვეს, რათა პარასკეობით ლოცვა აღავლინოს, თუმცა, ქრისტიანები მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ხელს უშლიან. 12 იანვარს მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ძალადობის მუხლით დაკავებულია ერთი ადამიანი.
მუსლიმი თემი ითხოვს, საქმეში ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთოს. ამ მოთხოვნით დღეს ისინი სოფელში შეიკრიბნენ.
რამდენიმე საათის შემდეგ მათთან გურიაში სახელმწიფო რწმუნებული, ზურაბ ნასარაია და ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა მივიდნენ, თუმცა, საუბარი მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა.
მუსლიმების თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე მათ მეჩეთის აშენებაში დახმარების დაპირება მიიღეს, თუმცა, ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა.
მას შემდეგ, რაც გუბერნატორმა და მერმა სოფელი დატოვეს, მუსლიმმა თემმა გადაწყვიტა, სოფლის ცენტრში გადასულიყო, თუმცა, პოლიციამ ჯაჭვი შეკრა და მათ ამის საშუალება არ მისცა. ჯაჭვის მეორე მხარეს ქრისტიანი მოსახლეობა იყო შეკრებილი. იყო ხმაური. რამდენიმე წუთის შემდეგ მუსლიმმა თემმა შეძლო სოფლის ცენტრში გადანაცვლება.
"ხალხს ლოცვას უკრძალავენ. თქვენ, სახელმწიფო უწყებები ვალდებულები ხართ, უზრუნველყოთ მათი მშვიდობიანი უფლება ლოცვისა, ცხოვრებისა". - უთხრა პოლიციელს ბუკნარში მცხოვრებმა მუსლიმმა კაცმა. პასუხად პოლიციელმა უთხრა, რომ მას რელიგიური საკითხები არ ეხება.
"გზა რომ ჩაგვიხერგეთ, ესეც ცოტა უპატივცემულობაა. გვიზღუდავთ გადაადგილების თავისუფლებას".- თქვა მუსლიმი თემის სხვა წარმომადგენელმა.
"ჩვენ, როგორც უვიცი ცხვარი, ისე შეგვაფასეს, არავინ არ მოვიდა და დაგვიდგა მხარში". - თქვა ბუკნარლმა მუსლიმმა ქალმა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, კერძო საცხოვრებელ სახლში რელიგიური სივრცის ორგანიზება, როცა ის რაიმე სამშენებლო ინტერვენციას არ საჭიროებს, სამართლებრივ რეგულირებას ან ნებართვას არ ექვემდებარება.
EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი, "ეს შეიძლება იყოს იმის გაგრძელებაც, რომ 2012-2016 წლებში მომხდარ რელიგიური ნიშნით დაპირისპირებებს სამწუხაროდ, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია".