logo
ENG



"ქართული ოცნების ქმედებები, პოზიციები ჩვენი ღირებულებებისგან შორსაა" - PES-მა ოცნება გარიცხა

29 ივნ 202318:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/29/kajoahik8xsczsk.jpg

ევროპელი სოციალისტების პარტიის (PES) ცნობით, პარტიის თავმჯდომარეების მიერ დღეს მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქართული ოცნება PES-ის წევრი აღარაა.

PES-ის თავმჯდომარეების შეხვედრა დღეს, 29 ივნისს გაიმართა.

პარტიის ცნობით, თავმჯდომარეებმა განიხილეს საქართველოში მოვლენათა განვითარება და ხელახლა დაადასტურეს შეშფოთება, რომელიც წინა შეხვედრებზეც გამოხატეს ქართული ოცნების პოლიტიკური პოზიციებისა და პარტიის ლიდერების მხრიდან ბოლო პერიოდში საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შესახებ.

საბოლოოდ კი ევროპელ სოციალისტების პარტია შეთანხმდა, რომ ქართული ოცნების წევრების ქმედებები და პოზიციები PES-ის ღირებულებების მიღმაა და საქართველოს მმართველ პარტიასთან ყველანაირ ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა გადაწყვიტა.

"შესაბამისად, PES-ის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ქართული ოცნების ქმედებები და პოზიციები პარტიას PES-ის ღირებულებებისგან ძალიან შორს აყენებს. ამ გადაწყვეტილების ფონზე, PES-ის ლიდერებმა თავმჯდომარეებს შესთავაზეს, რომ PES-მა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. PES-ის თავმჯდომარეობის წევრებმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცეს" - წერია პარტიის განცხადებაში.

4 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში იმყოფებოდა, სადაც კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.

ღარიბაშვილმა ისაუბრა ორბანზეც: "უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია".

უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დაგმო ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) და აღნიშნა, რომ PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, რაც "აუცილებელი ნაბიჯია".

8 მაისს, სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეტი პირიმ აღნიშნა, პოლიტიკურ გაერთიანებაში ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა და ოცნებას არავინ უჭერს მხარს. მისივე თქმით, გაერთიანებაში უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

11 მაისს კი ქართული ოცენების თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოცნება ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გარიცხვამდე ტოვებდა.

შესაბამისად, ოცნებას ევროპარლამენტში მოკავშირე პოლიტიკური ძალა ოფიციალურად აღარ ჰყავს.  


close დახურვა