ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე ხალხმრავალ სუფრაზე პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნას ამართლებს და ამბობს, რომ იქ ღია სივრცე იყო.
"რაც მე ვნახე კადრები, ღია სივრცე იყო. ბუნებრივია, შეიძლება სუბიექტური ვიყო და ჩვენი გუნდის პრემიერმინისტრის და ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრის გამართლებას ვცდილობდე, მაგრამ ამაშიც რომ არ ჩამითვალოთ, უბრალოდ ფაქტებს ვიტყვი, რომ იყო ღია სივრცეში. ასეთი ღონისძიებები ეწყობოდა და ასეთი ღონისძიებების მოწყობის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა თავად პრემიერმინისტრი და გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე ასეთი ღონისძიებების აკრძალვისა და შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს", -აღნიშნავს მდინარაძე.
გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო სოფელ არხილოსკალოშია გადაღებული, სადაც პრემიერი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დახვედრის ცერემონიას დაესწრო. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ადგილზე ათობით ადამიანია შეკრებილი, რითაც მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაცია ირღვევა. ასევე, მოქალაქეებს არ იყენებენ პირბადეებს და არ იცავენ სოციალურ დისტანციას.