logo
ENG



მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა [ვიდეო]

07 აგვ 202121:11
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/07/23gl255nxe4jrw3.jpg

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა. ამის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეო სოფელ არხილოსკალოშია გადაღებული, სადაც პრემიერი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დახვედრის ცერემონიას დაესწრო. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ადგილზე ათობით ადამიანია შეკრებილი, რითაც მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაცია ირღვევა. ასევე, მოქალაქეებს არ იყენებენ პირბადეებს და არ იცავენ სოციალურ დისტანციას. 

კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ

გარდა ამისა, Facebook-ში გავრცელდა პრემიერის ფოტო ქეიფიდან, სადაც ის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ლაშა ბექაურსა და ვერცხლისმედალოსან, ლაშა შავდათუაშვილთან ერთად არის გადაღებული. ფოტოს გვერდი - Irakli Garibashvili 4 Georgia (ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსთვის) ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ დრომდე არ არის კორონავირუსის ვაქცინით აცრილი. მას კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა. აცრის საკითხთან დაკავშირებით, ფორმულა მთავრობის ადმინისტრაციას გუშინ დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცეს. რაც შეეხება უშუალოდ, დღეს გავრცელებულ ვიდეოს, ფორმულა პრემიერის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.  

გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კორონავირუსის გავრცელება და ეპიდვითარების გაუარესება არაერთხელ ოპოზიციას და გამართულ აქციებს დააბრალეს. 

ამის პარალელურად 

"იმის ნაცვლად, რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ", - ამბობდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე 27 ივლისს. 

"მაინც არის დიდი სუფრები, თავყრილობები და შესაბამისად, ვრცელდება ინფექცია", - თქვა ამირან გამყრელიძემ 15 მაისს. 

"მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები", - ამბობდა პაატა იმნაძე 20 ივლისს. 

7 აპრილს პაატა იმნაძემ განაცხადა: "ჩვენი პირველი მტერი არის სუფრები". 

ჯერ კიდევ ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების დროს ეპიდემიოლოგი ამბობდა: "რომ შეზარხოშდებიან და ქართული ხვევნა-კოცნა იწყება ხოლმე, ამიტომ არის კომენდანტი", - პაატა იმნაძე. 

5 დღის წინ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მიმართავენ. 

ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთვევა გამოვლინდა, ხოლო 38 ადამიანი გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.33% ხოლო 7 დღის მანძილზე 9.25%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 444 569-ს. ვირუსს ჯამში 6 054 პირი ემსხვერპლა.

 

 

 

 


close დახურვა