რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლოვიანსკი ერთდროულად რამდენიმე რაკეტის გამშვები სისტემებიდან დაბომბეს, შედეგად ბევრი მოქალაქე დაშავდა და დაიღუპა. ამის შესახებ ქალაქ სლოვიანსკის მერმა, ვადიმ ლიახმა განაცხადა.
სლოვიანსკის მერის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ქალაქში 15-მდე ადგილას ხანძარი გაჩნდა.
„სლოვიანსკის მასობრივი დაბომბვა ერთდროულად რამდენიმე რაკეტის გამშვები სისტემებიდან. ყველაზე მასშტაბური. მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ჩვენ ვუძლებთ. ჩვენ ერთად ვართ“ - აცხადებს ლიახი.
გუშინ, 2 ივლისს დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა, რომ რეგიონის დაახლოებით 45%-ს უკრაინა აკონტროლებს, 24 თებერვლამდე ის დონეცკის ტერიტორიის 2/3-ს აკონტროლებდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დონეცკის რეგიონის მოსახლეობა დაახლოებით 5-ჯერ შემცირდა. კირილენკოს ცნობით, დონეცკის თავისუფალ ტერიტორიებზე ახლა დაახლოებით 340 000 მოქალაქე რჩება.
მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს ცნობით კი რუსი ოკუპანტები დონეცკის რეგიონის ანექსიის შემთხვევაში სექტემბერში რეფერენდუმის გამართვას გეგმავს.