logo
ENG



"შედარების მიზეზი არ არსებობს" - ზურაბიშვილი სააკაშვილსა და ნავალნიზე

17 თებ 202417:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/17/c6jdibr03zum31o.jpg

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ალექსეი ნავალნის შორის პარალელის გავლება შესაძლებელია. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია... შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება... თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახანს აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის, რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.

 

 
 
 
 

close დახურვა