მაშველები ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებთან კონტაქტზე გავიდნენ.
გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილებმა თქვეს, რომ სუნთქვა შეუძლიათ.
"შემიძლია სუნთქვა" - ისმოდა ნანგრევებიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. კორპუსის ჩამონგრევის მიზეზებში უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.
კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.