"ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე" - ასე პასუხობს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მას წერილით მიმართეს.
ევროკომისარი საპასუხო წერილში აღნიშნავს, რომ კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით და ხელს უწყობს საქართველოს ძირითადი საკითხების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში.
"საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძვირფასო წარმომადგენლებო,
მადლობას გიხდით თქვენი 2023 წლის 24 მარტის წერილისთვის საქართველოს მიერ ევროკომისიის 2023 წლის 17 ივნისის მოსაზრებაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით.
ნება მომეცით, პირველ რიგში ხაზი გავუსვა ჩვენს ერთგულებას ევროპულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერის შესახებ. სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში და ასევე არსებითი როლი აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს დაცვის კუთხით. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში ჩართულობისთვის, ისევე როგორც, მისი წვლილისთვის პოლიტიკის ფორმირებაში.
როგორც თქვენს წერილშია აღნიშნული, 2022 წლის 23-24 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიანიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილების შემდგომ კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით და ხელს უწყობს საქართველოს ძირითადი საკითხების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში.
ამავდროულად, ისევე როგორც გაფართოების პოლიტიკის მონაწილე ყველა ქვეყნის შემთხვევაში, ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე. კომისია 2023 წლის გაზაფხულზე ზეპირად წარუდგენს საბჭოს განახლებულ ინფორმაციას საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე. ამ განახლების ვადები და მოდალობები კვლავ განხილვის სტადიაზეა. ოფიციალური ანგარიში პრიორიტეტების იმპლემენტაციის შესახებ იქნება კომისიის გაფართოების ყოველწლიური პაკეტის ნაწილი შემოდგომაზე", - ნათქვამია ვარჰეის წერილში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის 24 მარტს წერილით მიმართეს და სთოვეს, კანდიდატის სტატუსზე საქართველოს შესახებ შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი.
როგორც NGO-ების წერილშია აღნიშნული, ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას.
ხელმომწერი ორგანიზაციები: ღია საზოგადოების ფონდი; კავშირი საფარი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); სოციალური სამართლიანობის ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); თბილისი პრაიდი, საქართველოს სამართლის გუშაგი; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; მწვანე ალტერნატივა; აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD); საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)