logo
ENG



აბესაძე: ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ივანიშვილისადმი მორჩილ პირს დანიშნავს

28 მაი 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო სექტორი სასამართლოს მიმართავს, რომ ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არ დანიშნოს. მესამე სექტორის განცხადებით, პროცედურა საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს, საზოგადოებას კი კანდიდატთან დაკავშირებით დისკუსიისთვის დრო უნდა მიეცეს.

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ უკვე გადაწყვეტილია თუ ვინ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ კანდიდატის შერჩევის დროს მთავარი კრიტერიუმი, ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური ლოიალობა იქნება. 

„რა თქმა უნდა მოლოდინი მაღალია, რომ კვლავ პოლიტიკური მორჩილების ნიშნით შეირჩევა ეს ადამიანი. ეს შეიძლება იყოს თეა წულუკიანიცრომლზედაც რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა ინფორმაცია და გუშინ ბატონმა გახარიამ მისი დაწინაურებაც კი დააანონსა.

საკონსტიტუციო სასამართლო უკვე არის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, თუმცა რა თქმა უნდა, ივანიშვილისადმი მორჩილი თავმჯდომარის ყოლა მნიშვნელოვანია. როგორი პროცედურითაც უნდა ხდებოდეს შერჩევა, ისინი მაინც იპოვნიან საშუალებას, რომ სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულონ და ასეთი წევრი წარადგინონ საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა ისედაც ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალური პირებით არის დაკომპლექტებული, შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეც ასეთივე პირი იქნება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა უკვე გაჯერებულია ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალური ფიგურებით, დღეს უკვე ახალი წევრის გამწესება მოხდება. ჩვენ და საზოგადოებას არ აქვს მოლოდინი ისეთი პირის წარდგენა მოხდეს, რომელიც ელემენტარულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, კვალიფიკაციის ნდობის და ა.შ.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაფერს ოჯახურ სივრცედ აქცევს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების დაკარგვას იწვევს.

„როცა ჩვენ უკვე მივიღეთ ოჯახის მოსამართლეები, ოჯახის პარლამენტი და მინისტრები, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერ ასცდება ამ ხვედრს სამწუხაროდ. ჩვენ ვკარგავთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ყველაფერი მიდის ბიძინა ივანიშვილის ოჯახურ სივრცეში, ეს არის ძალიან ცუდი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 


close დახურვა