logo
ENG



აგრესიული დიაგნოსტიკის გარეშე რაიმე ტიპის რეგულირების მოხსნა წარმოუდგენელია - გიორგი ვაშაძე

08 აპრ 202010:39
3 წუთის საკითხავი
clock 380

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანოს ქვეყანაში სწრაფი ტესტები. მათი განცხადებით, აგრესიული ტესტირება შექმნილი მდგომარეობიდან ერტადერთი გამოსავალია.

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ შესაძლებელია ტესტები ქვეყანაში უკვე არსებობდეს, მაგრამ დაავადებულთა რიცხვის ხელოვნურად შენარჩუნებისთვის ხელისუფლება მას არც იყენებდეს.

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ აგრესიული დიაგნოსტიკის გარეშე რაიმე ტიპის რეგულირების მოხსნა არ უნდა გაკეთდეს. უკვე ათას ვერსიას ამბობენ - რომ, მაგალითად, ჩამოტანილია ტესტები, მაგრამ მატება რომ არ დაფიქსირდეს, ამიტომ არ იყენებენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ექიმები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ სწრაფი ტესტების შემოტანა აუცილებელია შიალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, შიდაგადაცემის ასეთი დინამიკით ქვეყანაში პიკური მდგომარეობა 6-8 კვირაში იქნება, შემდეგ კი დაიწყებს კლებას.

„მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც არის ხარისხიანი სწრაფი ტესტების დეფიციტი. ქვეყნების უდიდესი ნაწილი ვერ აკეთებს სწრაფ ტესტებს - ისინი აკეთებენ PCR ტესტებს. დინამიკა, რომელსაც ვაკვირდებით, გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს ქვეყანაში 6-8 კვირაში იქნება პიკური მდგომარეობა", - ამბობს კულუმბეგოვი.

სწრაფი ტესტების არარსებობის ფონზე დადებითად აფასებს პროტოკოლის ცვლილებას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი. მისი თქმით, სიმპტომების მქონეთა ტესტირება წინ გადადგმული ნაბიჯია.

რა თქმა უნდა, ვისაც გაუჩნდება სიმპტომი, უნდა ჩაუტარდეს ტესტირება. გაფართოვდა ტესტირების არეალი და სიმპტომების მქონენი ექვემდებარებიან ტესტირებას. ახალი რეკომენდაციები, როგორც ჩანს, ყველა ექიმისთვის არაა ცნობილი, მაგრამ ეს სიტუაცია, იმედია, დალაგდება", - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ კარანტინში მყოფ ადამიანებს შემოწმებას PCR ტესტებით უტარებენ. ამირან გამყრელიძის თქმით, ტესტების მარაგი ივსება და ამ კვირაში 20 000-მდე PCR ტესტს ელოდებიან. მისივე მტკიცებით, მაისის შუა რიცხვებამდე კონტრაქტები 60 000 ტესტზეა გაფორმებული.

„კარანტინში ძირითადად არიან ჯანმრთელი ადამიანები, იქ,ს ადაც შესაძლო შემთხვევა ფიქსირდება, ყველა ტესტირდება. შესაძლებელია, რომ ინფექცია მიმდინარეობდეს უსიმპტომო, მაგრამ ეს არის ერთეული. არის შიდა კონსენსუსი ამ საკითხზე", - აცხადებს გამყრელიძე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 46 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა სამი მათგანი. 


close დახურვა