logo
ENG



ვაშაძე ოცნებას: თუ ეკონომიკა კარგადაა, მაშინ ხალხი რატომ გარბის? რატომაა ყველაფერი ძვირი?

11 მარ 202414:12
3 წუთის საკითხავი
clock 316

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. ვაშაძემ ოცნების წევრებს კითხვით მიმართა - "როგორ არიან კმაყოფილი დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით, როცა ხალხი ქვეყნიდან გარბის და რეგიონში ყველაზე ძვირი ფასები საქართველოშია".

ვაშაძემ მოუწოდა ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, "ერთხელ მაინც გაიაზრონ და გაითვალისწინონ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება" და გასცენ პასუხი კითხვებს, რომელიც საზოგადოებას დაუგროვდა მათ მიმართ.

"ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო - როგორ შეგიძლია, რომ კმაყოფილი იყო დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით? როგორ არ გრცხვენია და საუბრობ, რომ თურმე ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში, ეკონომიკა ყვავის. ხომ არ ფიქრობ, რომ ბოლომდე მოწყვეტილი ხარ რეალობას. ირაკლი კობახიძეს და ივანიშვილის პარტიას მინდა დავუსვა კითხვა - თუ ეკონომიკა კარგად არის, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან? რატომ წავიდა 800 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე ქვეყნიდან? რატომ არის საქართველოში ყველაზე ძვირი ფასები მთელს რეგიონში, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, თურქეთზე, ნებისმიერ ქვეყანაზე ძვირი ფასები რატომ არის. რატომ შიმშილობენ ბავშვები სკოლებში? რატომ უწევს პენსიონერს არჩევანის გაკეთება წამალსა და საკვებს შორის? ამ კითხვებზე რატომ არ სცემთ პასუხს, რატომ ხართ ორიენტირებული მხოლოდ სიცრუეზე, სიყალბეზე. მოწყვეტილი ხართ აბსოლუტურად რეალობას.

გეკითხებით და გისვამთ კონკრეტულ კითხვას და მაინტერესებს ირაკლი კობახიძისგან და მთლიანად ივანიშვილის პარტიისგან პასუხი - რა შექმენით ისეთი, რა გააკეთეთ ისეთი, რომ საქართველოში ყველაზე ძვირია ფასები, რომ შემოსავლები იკლებს და დანახარჯები იმატებს ადამიანების. იმ მაფიოზური კლანის ბრალი ხომ არ არის, მონოპოლიების სახით რომლებიც ააგეთ და ჯიბეში რომ მიგაქვთ ეს ფული. ამ კითხვებს გაეცით პასუხი. ირაკლი კობახიძეს ვეუბნები, რომ თურმე ბაზარში სიარული და ფასების გარკვევა ყოფილა სირცხვილი. როდემდე უნდა იყოთ აცდენილი რეალობას? ერთხელ მაინც ხომ უნდა გაიაზროთ და გაითვალისწინოთ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ქვეყანაში. არის კითხვები, რომლებიც აქვს ხალხს თქვენთან და ამ კითხვებს გაეცით პასუხი.

ივანიშვილსაც მივმართავ, დამალული რომ არის ახლა - გეკითხები, შენ რომ მდიდრდები ხალხი რატომ ღარიბდება? ფასები რატომ არის ასეთი ძვირი ქვეყანაში? როდემდე უნდა ძარცვოთ ეს ქვეყანა, როდემდე უნდა იყოთ აცდენილი რეალობას. ამ კითხვებზე გაეცით პასუხი და ეს კმაყოფილება, რომელიც სახეზე გაქვთ, სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში არ არის, იმიტომ რომ ადამიანებს უმუშევრობის, ფასების ზრდის და შემოსავლების შემცირების გამო ყოველდღიურად უწევთ ქვეყნის დატოვება. ეს არის ის მთავარი პრობლემა, რაც ივანიშვილის პარტიამ მოიტანა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ინდექსში საქართველოს ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს. ის ამტკიცებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მანიპულაციური მონაცემები და სპეკულაციები ვრცელდება.

"მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები, სინამდვილეში, არის 66%-იანი ზრდა სამომხმარებლო ფასების ინდექსში 2012 წლის შემდეგ, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი, დაბალი მაჩვენებელი თუ გადავავლებთ თვალს იმ მონაცემებს, რომლებიც არის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აშშ-ში, მეზობელ ქვეყნებში და ა.შ.", - განაცხადა კობახიძემ.


close დახურვა