logo
ENG



ადვოკატის თქმით, ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს

09 სექ 202101:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/09/o7z28hxcjtv6119.png

ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძის თქმით, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. 

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, დაკავებულისთვის ოფიციალურად ბრალდება ჯერ არ წარუდგენიათ. 

"ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს. ბრალი ჯერ არ ოფიციალურად არ წარდგენია, ჯერ არ გავცნობივართ რა ფორმალური საფუძვლებია შიგნით და საერთოდ, რას გვედავებიან", - ამბობს ადვოკატი.

უფლებადამცველმა ასევე დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქართული ოცნების აქტივისტი იყო, თუმცა ამ საკითხზე დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ დეტალები არ იცის

"ქართული ოცნების აქტივისტი იყო. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, ამ თემასთან შეხებაში არ არის", - თქვა ადვოკატმა.

8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც თქვეს, რომ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ფორმულამ გაარკვია, რომ დაკავებულია 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული

მურსაკულოვი Facebook-ზე უწერია, რომ ქართულ ოცნებაში მუშაობს, გარდა ამისა, ვრცელდება ფოტოები, სადაც ის ქართული ოცნების წევრებთან ერთადაა გამოსახული. მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი ზარქუაა, ხოლო მეორე ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ქართული ოცნების შტაბის უფროსი გიორგი ღამბაშიძეა.

მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 

ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი დანა იპოვეს.


close დახურვა