logo
ENG



ადვოკატი: სააპელაციო სასამართლომ "ბახალა" ე.წ რეანომობილის საქმეზე უდანაშაულოდ სცნო

01 ივნ 202113:08
3 წუთის საკითხავი
 
ადვოკატი: სააპელაციო სასამართლომ "ბახალა" ე.წ რეანომობილის საქმეზე უდანაშაულოდ სცნო

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ რეანომობილის საქმეზე, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებას გულისხმობს უდანაშაულოდ სცნო. 

ადვოკატ შოთა კახიძის თქმით, სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

ე.წ რეანომობილის საქმეზე გიორგი გიორგანაშვილს პროკურატურამ ბრალი 2018 წლის 2 აპრილს წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე, ირაკლი ქორიძე 2017 წლის იანვარში შეუთანხმდა თავის ნაცნობებს - გიორგი გიორგანაშვილს და ჯაბა ხულორდავას, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - მათ შეიმუშავეს აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა და გაინაწილეს როლები.

უწყების ვერსიით, გიორგი გიორგანაშვილი ირაკლი ქორიძის დაფინანსებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც იმყოფებოდა 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში, მან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი 900-მდე აბი, სხვადასხვა ზომის ნატეხები და ფხვნილი.

"გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში ფარულად შეხვდა ჯაბა ხულორდავას და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით გადასცა მის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.

ირაკლი ქორიძემ ნარკოტიკული საშუალება საზღვარზე მამამისის კუთვნილი მედიცინის ცენტრის რეანომობილით გადმოიტანა". - აცხადებდა მაშინ პროკურატურა. 

გიორგი გიორგანაშვილი, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, საპატიმროს ვერ დატოვებს, ვინაიდან მას სხვა საქმეზე 2018 წლის იანვარში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალდება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით (0,3726 გრამი) ბუპრენორფინის შეძენა-შენახვას (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი) ედავებოდა. მუხლი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი მტკიცებით, ნარკოტიკი პოლიციელებმა დასჯის მიზნით "ჩაუდეს".


close დახურვა