logo
ENG



საია: სააპელაციო არჩევნების შედეგების ბათილობაზე სარჩელებს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს

15 ნოე 202413:25
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო საია-ს საჩივარს, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას გულისხმობს, მხარეების დასწრების გარეშე განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"თბილისის სააპელაციო სასამართლო საია-ს საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების/არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

საია-ს გასაჩივრებული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ცესკო-ს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი. მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარეებისთვის უნდა მიეცა მოსაზრებების სხდომაზე წარმოდგენის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებას უნდა ჰქონოდა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა საქმის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

გარდა იმისა, რომ საქმე მოთხოვნების და მოპასუხის გათვალისწინებით, პრაქტიკულად წარმოადგენდა ახალ საქმეს, საია-ს ჰქონდა რამდენიმე დამატებითი შუამდგომლობაც, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა და ამჯერად, ეს შუამდგომლობები სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიემართებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია სხდომის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება, ეს გადაწყვეტილება საგანგაშოა. საქმეზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლებას შეეხება, სასამართლომ გადაწყვიტა დისკომფორტი არ შეიქმნას და გადაწყვეტილება მხარეების და საზოგადოების დასწრების გარეშე მიიღოს", - წერია საია-ს განცხადებაში.

სააპელაციო სასამართლომ სხდომა დღეს, 15 ნოემბერს, 16:00-ზე ზეპირი მოსმენით ჩანიშნა.


close დახურვა