გამოძიება გიორგი რურუას დნმ-ის ნიმუშის აღებას ძალადობით ცდილობს. ადვოკატის ინფორმაციით, მის საკანში გამომძიებლები იმყოფებოდნენ და მისი პირადი ნივთები ძალის გამოყენებით აიღეს. ადგილზე არ იმყოფებოდა თავად რურუას ადვოკატი.
გიორგი რურუას ადვოკატის განცხადებით, მას 3 იანვარს დაუკავშირდნენ გამომძიებლები, რომლებმაც უთხრეს, რომ მათ აქვთ სასამართლო განჩინება, რომლის მეშვეობითაც უნდა ამოიღონ გიორგი რურუას პირადი ნივთები. ადვოკატი და გამომძიებელი შეთანხმდნენ, რომ პროცედურები ორშაბათს ჩატარდებოდა. თუმცა, როგორც რურუას უფლებადამცველი აცხადებს, სრულიად მოულოდნელად 3 იანვარსვე განხორციელდა გიორგი რურუას საკანში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ადვოკატის გარეშე ამოიღეს მისი პირადი ნივთები.
„გუშინ 3 იანვარს, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის გამომძიებელი ზურაბ ბერუაშვილი დამიკავშირდა და შემატყობინა, რომ ხელთ ჰქონდა მოსამართლის განჩინება, რომლითაც უფლება ეძლეოდა რურუასგან პირადი ნივთები ამოეღო. შევთანხმდით, რომ ორშაბათს 6 იანვარს 3-დან 4 საათამდე პერიოდში შევიდოდით პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ჩვენი საუბრიდან მალევე უკანონოდ ადვოკატების გარეშე შეიჭრნენ გიორგი რურუასთან საკანში და მისგან იძულებით აიღეს პირადი ნივთები. ეს ქმედება უკვე უნდა შეფასდეს, რომ გიორგი რურუას ხელისუფლება მიიჩნევს პოლიტიკურ ტყვედ, რომელსაც ჩამორთმეული აქვს ყველა საპროცესო უფლება და ის დატოვებულია დაცვის საშუალებების გარეშე,“ - განაცხადა ადვოკატმა შოთა კახიძემ.
გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.